ავტოდიაგნოსტიკა

რამდენი მძღოლი დაჯარიმდა ტექნიკური ინსპექტირების გამო

177
(განახლებულია 19:44 02.01.2019)
ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, გზაზე გადაადგილება დაუშვებელია 3 735 ავტომობილისთვის.

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ტექნიკური ინსპექტირების ამოქმედებიდან დღემდე, შემოწმებული 114 801 სატრანსპორტო საშუალებიდან ყოველმა მესამემ, ანუ 38 095 ავტომობილმა ტექნიკური შემოწმება ვერ გაიარა. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, დაუშვებელია გზაზე გადაადგილება 3 735 ავტომობილისთვის.

114 801 შემოწმებული სატრანსპორტო  საშუალებიდან განმეორებით ტექნიკურ ინსპექტირებაზე ტესტირების ცენტრებს 30 418-მა მიმართა.

რაც შეეხება 3 000 კუბურ სანტიმეტრზე ნაკლები ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილების სტატისტიკას, შემოწმებულია 38 243. აქედან. 9326 ხარვეზიანია. 1070 -ს კი, გზაზე გადაადგილება აეკრძალა.

ტექნიკური შემოწმების პირველი ეტაპი 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად სავალდებულო ინსპექტირება მიკროავტობუსებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებს შეეხო. ამავე წლის პირველი ივლისიდან ინსპექტირება სავალდებულო კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საკუთრებაში არსებული ავტომობილებისთვის გახდა, ოქტომბრიდან კი, მსუბუქ ავტომობილებზე გავრცელდა, რომლის ძრავის მოცულობა 3 ათასი კუბური სანტიმეტრია ან აჭარბებს.

მძღოლების საყურადღებოდ – რას შეამოწმებენ ავტომობილების ტექდათვალიერებისას>>

2019 წლის იანვრიდან ტექნიკური ინსპექტირება ყველა მძღოლისთვის სავალდებულოა. 

15 000-ზე მეტი ჯარიმა არის დაწერილი მძღოლებისთვის, რომლებმაც ტექნიკური ინსპექტირება არ გაიარეს, ან განმეორებით არ გამოცხადდნენ ტესტირების ცენტრებში. კერძო პირებზე სანქცია 50 ლარია, იურიდიული პირისთვის კი 200 ლარი.

„გვაქვს გარკვეული პრობლემები მონიტორინგთან დაკავშირებით გზებზე, მაგრამ დამერწმუნეთ, უახლოეს თვეებში ეს თემა მოგვარებული იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. ნომრის ამომცნობი კამერები უკვე დაყენებულია. სატესტო რეჟიმს გადის და 2019 წლის პირველ ნახევარში უკვე დაიწყებს სრულფასოვან ფუნქციონირებას“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხმალაძემ.

ეკონომიკის სამინისტრო, ეფექტიანი აღსრულების მიზნით, ტესტირების ცენტრების ზედამხედველობის გამკაცრებასაც აპირებს. თუ ამ დრომდე ცენტრების შემოწმება მხოლოდ მიმართვის საფუძველზე ხდებოდა, წელს მონიტორინგის ჯგუფი მათ საქმიანობას უკვე ლაივკამერების საშუალებით, 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს.

177
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში–2018 (279)