რუსთავის მეტალურგიული ქარხანა

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების ნაწილი უმუშევარი დარჩა

83
(განახლებულია 17:28 12.12.2018)
რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ბაზარზე დემპინგური ფასების გამო წარმოების მოცულობა შეამცირა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ წარმოების შემცირების გამო 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა იკეტება?! როგორი იქნება მთავრობის პოზიცია>>>

ხელმძღვანელობამ ერთი ფოლადსადნობი ღუმელის კომპლექსის გაჩერების შესახებ გადაწყვეტილება მაინც მიიღო. წარმოების მოცულობის შემცირების მიზეზად ადმინისტრაციამ ბაზარზე დემპინგური ფასების არსებობა დაასახელა.

„ეს ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მზარდი იმპორტის შედეგია... 15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე. წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ქარხნის ხელმძღვანელობა იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები უახლოეს მომავალში შევა ძალაში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება არ გახდება აუცილებელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ", თუმცა კანონი ჯერ კიდევ არ არის ინიცირებული პარლამენტში. კვირის დასაწყისში ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, რომ ანტიდემპინგური კანონპროექტი პარლამენტში დეკემბერში შევა.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ისტორია 1948 წლიდან იწყება. ქარხანა სხვადასხვა სახის პროდუქციას უშვებს, მათ შორის არმატურასა და უნაკერო მილებს. ქარხანაში 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

 

83
თემები:
საქართველოს ეკონომიკა–2018 (540)