ხელისუფლება ავტომობილების ტექდათვალიერებას ონლაინ-რეჟიმში დააკვირდება

გამოწერა
შესწორებები შევა რეგლამენტში „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ"

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების კონტროლის გამკაცრებას გეგმავს და ცენტრებს მუშაობის პროცესის ონლაინ-ტრანსლირებას ავალდებულებს, განაცხადა მინისტრის მოადგილე აკაკი საღინაშვილმა ჟურნალისტებთან.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. ოქტომბერში ქვეყანაში ტექდათვალიერებასთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალი აგორდა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ტექდათვალიერების 10 ცენტრში ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების გავლის ყალბი დოკუმენტების გაცემის ფაქტები გამოავლინა.

„ვფიქრობთ, რომ კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმი დასახვეწია. ამ მიმართულებით რეგლამენტში შეგვაქვს შესაბამისი ცვლილებები და გვსურს ამ მექანიზმის დახვეწა, რათა ლაივ-რეჟიმში მოხდეს მონიტორინგი. რეგლამენტი მზადაა, მომზადებულია ასევე ცვლილებების პაკეტი. ჩვენ მის მთავრობის სხდომაზე გატანას ვგეგმავთ“, - განაცხადა საღირაშვილმა.

ვიდეოკამერები ტექდათვალიერების ყველა ცენტრშია დამონტაჟებული, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობა მათ ტექდათვალიერების პროცესის ონლაინ-რეჟიმში ჩვენებას არ ავალდებულებს.

ავტომობილების ნაკადი თბილისში - Sputnik საქართველო
ინსპექტირების ათი ცენტრი ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

„ტექდათვალიერების ცენტრებში ლაივ-კამერები ახლა ჩართულია. ცენტრებს ვალდებულება აქვთ, რომ ეს ჩანაწერები შეინახონ და მოთხოვნის შემთხვევაში გადმოგვცენ. ჩვენ  ლაივ-რეჟიმში ყოველდღიურად შეგვიძლია თვალი ვადევნოთ, ანუ კონტროლი გავამკაცროთ“, - დასძინა საღირაშვილმა.

პირველ ეტაპზე, 1 იანვრიდან ტექდათვალიერება სავალდებულო იყო სამგზავრო (8 ადგილზე მეტი) და სატვირთო (3,5 ტონის ზემოთ) ავტომობილებისთვის.

1 ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. შემოწმებას დაექვემდებარა სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

მძღოლების საყურადღებოდ – რას შეამოწმებენ ავტომობილების ტექდათვალიერებისას>>

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან კი მესამე ეტაპი დაიწყო - სავალდებულო ტექნიკურ შემოწმებას დაექვემდებარება ძრავის დიდი მოცულობის (3,0 და მეტი) მქონე ავტომობილები.

2019 წლის 1 იანვრიდან ტექნიკურ ინსპექტირებას საქართველოში რეგისტრირებული ყველა მსუბუქი ავტომანქანა გაივლის.

ყველა ახალი ამბავი
0