საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია

ცვლილებები ცესკოსგან: ვის ეძლევა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის უფლება

95
(განახლებულია 13:30 08.11.2018)
არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში დაინიშნება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმას ის მოქალაქეებიც მისცემენ, ვისაც 18 წელი 28 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდა, აღნიშნულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ გამოცემულ დადგენილებაში.

ცესკოს 2018 წლის 7 ნოემბრის დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს იმ მოქალაქეთა მონაცემებს, რომლებსაც 2018 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდება 18 წელი, ცესკოს გადასცემს მეორე ტურის დანიშვნის დღის მომდევნო დღეს.

ამასთან, სერვისების განვითარების სააგენტომ 11 ნოემბრის ჩათვლით ცესკოს უნდა წარუდგინოს გარდაცვლილ პირთა შესახებ ინფორმაცია, ასევე მონაცემები იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებსაც აქამდე არ ჰქონდათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, ან შეეცვალათ რეგისტრაციის მისამართი.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" წევრი. რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება.

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან (არაუგვიანეს 17 ნოემბრისა) ორი კვირის ვადაში დაინიშნება. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები პრეზიდენტს არაუგვიანეს 2 დეკემბრისა აირჩევენ.

 

95
თემები:
საქართველო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინში (30)