ეროვნული გალერეა

ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია გამოიფინა

138
(განახლებულია 14:57 11.10.2018)
მერი ბლიაძე
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის სტუმრებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ – იხილონ ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებული ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა წლების განმავლობაში გამოფენილი არ ყოფილა.

ღონისძიების შესახებ „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე ესაუბრა.

მიხეილ გიორგაძე და ეკა კიკნაძე
მიხეილ გიორგაძე და ეკა კიკნაძე

– საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 9 ოქტომბრიდან განახლდა ნიკო ფიროსმანაშვილის არსებული ექსპოზიცია. ექსპოზიცია აბსოლუტურად შეიცვალა და დარჩა მხოლოდ ორი სურათი, რაც მანამდე იყო გამოფენილი. ეს არის „თბილისის ფუნიკულიორი“ და „მეთევზე“. დანარჩენი ნამუშევრები ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა გამოფენილი. ესენია: „გიორგობა ბოლნისში", „კრწანისი", „თეთრი დათვი ბელებით", „გლეხის ქალი ბავშვებით", „ხუთი თავადის ქეიფი", „მუშა ტიკით" და „მუშა კასრით", „თეთრი დუქანი", „მზარეული“, „ორთაჭალის ტურფა“ და სხვ. გამოფენაზე სულ 24 სურათია წარმოდგენილი.

ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია
ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია

– რა მდგომარეობაში იყო სურათები და დასჭირდა თუ არა აღდგენითი სამუშაოები?

– ეს არის საკმაოდ მოწესრიგებული კოლექცია. ბოლო წლების მანძილზე არანაირი სამუშაოები არ გამხდარა საჭირო. მოგეხსენებათ, ეროვნული გალერეის ერთ დარბაზში მუდმივად არის გამოფენილი ფიროსმანაშვილის ნამუშევრები. საცავიდან ამოვიდა ძალიან საინტერესო სურათები, მათ შორის არის „ქორწილი კახეთში“. სწორედ ამ სურათით იწყება ნიკო ფიროსმანაშვილის ყველაზე დიდი სამუზეუმო კოლექციის შექმნა. 1916 წელს ქართველ მხატვართა საზოგადოებაში დიმიტრი შევარდნაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ ნიკო ფიროსმანაშვილს დახმარების მიზნით მცირედი თანხა გადასცეს. მან დახმარებად არ მიიღო ეს თანხა, აღებული თანხით რამდენიმე დღეში დახატა და ქართველ მხატვართა საზოგადოებაში მიიტანა ნამუშევარი „ქორწილი კახეთში".

გარდა ამისა წარმოდგენილია ერთი დიდი პანო – „გიორგობა ბოლნისში“ და მეორე, ასევე ძალიან დიდი პანო „გიორგობა ბოლნისი ხაჩინში“. ეს არის გიორგობის თემაზე შესრულებული ორი ბრწყინვალე ნამუშევარი. ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ შეუძლია ფიროსმანს ბევრი მიკროკომპოზიცია გააერთიანოს ერთ გენიალურ მთლიანობაში.

ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია
ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია

– ექსპოზიციისთვის კონსულტანტობა ვინ გაგიწიათ?

– კონსულტანტობა გაგვიწია ბატონმა გოგი ხოშტარიამ და სწორედ მან მიიღო მონაწილეობა ექსპოზიციის მომზადებაში. ჩვენ ხშირად ვმუშაობთ მასთან ერთად. ის გახლავთ ფიროსმანის საუკეთესო ექსპერტი. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო მასთან მუშაობა.

განახლებულ გამოფენაზე წარმოდგენილია ყველა ჟანრი, რა ჟანრშიც მუშაობდა ნიკო ფიროსმანაშვილი – ნატურმორტი, ანიმალისტური პორტრეტი, პანოები. შესაბამისად, ეს 24 სურათი ძალიან კარგ და სრულ წარმოდგენას შეუქმნის იმ დამთვალიერებელს, ვინც პირველად ნახავს ფიროსმანს. ხოლო მათ, ვინც ხშირად მოდის გალერეაში და მოყვარულია ფიროსმანის შემოქმედების, დახვდებათ აბსოლუტურად ახალი ექსპოზიცია, რომელიც დიდი ხანია არ ყოფილა გამოფენილი.

ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია
ნიკო ფიროსმანის განახლებული ექსპოზიცია

– როგორც ვიცი, სულ მალე ფიროსმანის რამდენიმე სურათი ვენაში გადაინაცვლებს...

– დიახ, 29 სურათი გაიგზავნება ვენაში. გამოფენა სახელწოდებით NIKO PIROSMANI – A Wonderer Between Worlds ალბერტინას მუზეუმში 2018 წლის 26 ოქტომბერს გაიხსნება და 2019 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი ევროპაში. გამოფენის მთავარი მიზანი კი მხატვრის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის გამოჩენილი ქართველი მხატვარია. იგი ცხოვრობდა და გარდაიცვალა სიღარიბეში. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა, როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. კახეთში, სოფელ მირზაანში, ფიროსმანის მშობლიურ სახლში ამჟამად მისი სახლ-მუზეუმია განთავსებული.

 

138

ყველაზე საინტერესო