საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გადახდა ყველა ბანკის  ბარათით იქნება შესაძლებელი

208
(განახლებულია 20:12 10.10.2018)
„საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქალაქეები მგზავრობის საფასურს ყველა ბანკის ქართული და უცხოური ბარათებით შეძლებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკურად აღჭურვის სამუშაოების უმეტესობა უკვე შესრულებულია, კერძოდ,  თბილისის მეტრო საჭირო ტექნიკით უკვე აღიჭურვა,  ამ ეტაპზე კი ავტობუსების ახალი გადახდის სისტემაზე გადაყვანის  სამუშაოები მიმდინარეობს. 

კონტრაქტის მიხედვით, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ბანკისა და ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი.

გასულ წელს თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. აუქციონში მასთან ერთად „თი ბი სი ბანკი“ მონაწილეობდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ბანკმა ერთი წლის ვადაში  უზრუნველყო  მეტროში, ავტობუსებსა და საბაგიროში ყველა ტიპის ქართული საბანკო და VISA და MasterCard უცხოური ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის დანერგვა.  ასევე, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სალარო აპარატებითა და ვალიდატორებით – ბარათის წამკითხველი აპარატურით აღჭურვა.

„საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

208