საქართველოს პრეზიდენტმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს კერძო და საჯარო სკოლებში 57 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს 51-ე საჯარო სკოლიდან მიულოცა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს საქართველოს სახელმწიფო სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში საზაფხულო არდადეგების შემდეგ სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი განახლდა.

სასკოლო ოთახი - Sputnik საქართველო
რა სიახლეებით ხვდებიან სკოლები ახალ სასწავლო წელს

გიორგი მარგველაშვილმა მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მინდა, რომ ბევრი სიკეთის იმედი და ძალიან დიდი სიყვარული გამოვხატო. მინდა პირველკლასელებს მივულოცო და ვუთხრა, რომ ძალიან საინტერესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში. ახალი კლასელები უნდა გაიცნოთ, მასწავლებლები, მეგობრები შეიძინოთ, რომლებიც მთელი ცხოვრება თქვენი ნაწილი იქნებიან", — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზეც ისაუბრა და მეთორმეტე კლასელებს დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილი გარდაცვალების გამო თანაგრძნობა გამოუცხადა.

„ასეთმა ტკივილმა და ამ ტრაგედიამ ალბათ, ყველა უფრო კეთილი უნდა გაგვხადოს და გაგვზარდოს, რადგან ტკივილი და ტრაგედია გამოცდილებაა ადამიანისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ეს ტკივილი გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულში, გადავიტანოთ ერთმანეთის მიმართ უფრო მეტ თანადგომაში, ვფიქრობ, უკეთეს მომავალს მივცემთ ჩვენს შვილებს", — აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სწორედ 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ისინი სკოლას წელს დაამთავრებდნენ.

ქვეყნის პირველი პირი დღეს მე-200 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეები სწავლობენ.

ქვეყნის ტერიტორიაზე სულ 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 500 ათასზე მეტი მოსწავლე ირიცხება. წელს კერძო და საჯარო სკოლებში 57 ათასი პირველკლასელი დარეგისტრირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0