დიდგორობა

დღეს დიდგორობაა

314
(განახლებულია 10:43 12.08.2018)
ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს სამეფოს ჯერ თბილისი, 1123 წელს კი დმანისი შეუერთდა) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. თეთრიწყაროში, დიდგორის ველზე დღეს დიდგორის სახელოვანი ბრძოლის 897-ე წლისთავი აღინიშნება.

სახალხო დღესასწაულის  ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები — საკონცერტო წარმოდგენა, ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და დოღი.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით, 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო —„დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

1121 წლის 12 აგვისტოს მანგლისის მახლობლად, დიდგორის ველზე, მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა.  

თურქ-სელჩუკებს ნაჯმ ად-დინ ილღაზი სარდლობდა. მათი  ლაშქრის რაოდენობა სხვადასხვა ცნობების მიხედვით 250-300 ათასიდან  500-600 ათასამდე მერყეობდა. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, მტრის ჯარი 300 000 მეომრისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი. ყველა მონაცემიდან აშკარაა, რომ დიდგორის ველზე, რიცხობრივი რაოდენობის მიხედვით, არათანაბარი ძალები შეხვდნენ ერთმანეთს. 

დავით IV-ის განკარგულებაში 56 ათასი მეომარი იყო. მათგან 40 ათასი ქართველი, 15 ათასი ყივჩაღი,  500 ოსი და 100,,ფრანგი” (,,ფრანგებს“ ქართველები მაშინ და შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე,  ევროპელებს ეძახდნენ.)

დავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი

ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა მხრიდან 200 მხედარი მტრის ბანაკისაკენ გაემართა. მაჰმადიანებს ისინი მოღალატეები ეგონათ და თავიანთ  ბანაკში შეუშვეს, სადაც მათ მოულოდნელი იერიში მიიტანეს მტერზე. კოალიციური ლაშქრის საბრძოლო წყობა დაირღვა.  ამ დროს ქართველთა ლაშქარმა მტერს ორი მხრიდან შეუტია — დასავლეთიდან დავითი, ხოლო დიდგორის მთიდან უფლისწული დემეტრე გადავიდა შეტევაზე. ქართველი რაინდები და მათი თანამებრძოლები წინა აზიის საუკეთესო მხედრობას შეებნენ.   სისხლისმღვრელი შეტაკება მხოლოდ სამ საათს გაგრძელდა. ილღაზის ლაშქარი სასტიკად დამარცხდა და უკუიქცა. ამით ბრძოლა არ დასრულებულა. დამარცხებულებს თბილისისა თუ დმანისისათვის თავის შეფარებისა და ძალების აღდგენის საშუალება არ მისცეს. დაჭრილმა ილღაზიმ, რამდენიმე სარდალსა და ოციოდე მხედართან ერთად, გაქცევა მოახერხა.

ამ გამარჯვებამ შესაძლებელი გახადა ქვეყნის საბოლოო გათავისუფლება (1122 წელს თბილისი, 1123 წელს კი დმანისი სამეფოს შეუერთდნენ) და დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში.

 

314