დამცავი კონსტრუქციები ჰადრონული კოლაიდერისთვის

საქართველო დიდი ჰადრონული კოლაიდერისთვის კონსტრუქციებს ამზადებს

88
(განახლებულია 15:55 11.07.2018)
საქართველოში შექმნილი კონსტრუქციები უნდა გახდეს რადიაციისგან დამცავი ფარი დიდი ჰადრონული კოლაიდერის მუშაობის დროს.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. დამცავ კონსტრუქციებს ATLAS-ის მეგაპროექტისთვის, რომელიც ხორციელდება ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) ჟენევაში, საქართველოში ამზადებენ, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ATLAS-ი მსოფლიოში ელემენტარული ნაწილაკების ყველაზე მძლავრი ამაჩქარებლის — დიდი ჰადრონული კოლაიდერის ოთხ ძირითად ექსპერიმენტთაგან ერთ-ერთია. ექსპერიმენტი ტარდება ამავე სახელწოდების დეტექტორზე, რომელიც განკუთვნილია პროტონული დაჯახებების კვლევისთვის.

დიდი ჰადრონული კოლაიდერი ყველაზე დიდი ექსპერიმენტული დანადგარია მსოფლიოში. მშენებლობასა და კვლევებში მონაწილეობდა და მონაწილეობს 10 ათასზე მეტი მეცნიერი და ინჟინერი 100-ზე მეტი ქვეყნიდან.

ცხრა მეტრამდე დიამეტრის მქონე რადიაციისგან დამცავი ალუმინის კონსტრუქციები საქართველოში, ქარხანა „ელიტა-ბურჯის" სამრეწველო ბაზაზე იქმნება. დეტალების პროექტირება და დამზადება ISO-ს საერთაშორისო სატანდარტების მიხედვით ხორციელდება.

კონსტრუქციების ნაწილს ჟენევაში, CERN-ის ოფისში პირველად ოთხშაბათს გაგზავნიან. კონსტრუქციას იქ ააწყობენ და მიაერთებენ დიდ ჰადრონულ კოლაიდერთან.

საქართველოს განათლების სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლები თბილისში ქარხანაში იმყოფებოდნენ და იქ არსებულ გარემოს ადგილზე გაეცნენ.

ქარხანა „ელიტა-ბურჯი" თბილისში 1998 წელს დაარსდა. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია სამშენებლო სამუშაოები და მშენებლობისთვის საჭირო მასალების წარმოება.

88