სასტუმრო ლეოგრანდი ბათუმში

სასტუმრო „ლეოგრანდს“ საქმიანობის უფლება შეუჩერდა

84
(განახლებულია 20:30 10.07.2018)
გასულ წელს სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა, 21 ადამიანს კი სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება დასჭირდა.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო „ლეოგრანდს", რომელიც ამჟამად „ველმონდის" სახელით ფუნქციონირებს, საქმიანობის უფლება შეუჩერა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც სასტუმრო და სამორინე „ველმონდის” (ყოფილი „ლეოგრანდის”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვდა. უწყებამ აღნიშნული მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. 

2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეოგრანდში" ხანძარი გაჩნდა, რომელსაც მეხანძრეები ოთხი საათის განმავლობაში აქრობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აალება სპა-სალონში მოხდა. ხანძარს ირანის ერთი და საქართველოს 10 მოქალაქე ემსხვერპლა. ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდი" სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. ოთხთვიანი გამოძიების შემდეგ სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი და ტექნიკური საწყობის ზედამხედველი დააკავეს.

ხანძრის შემდეგ, მიმდინარე წლის მაისში სასტუმრო „ლეოგრანდმა" მუშაობა განაახლა ახალი სახელით „ველმონდი".

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სარჩელი სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით გუშინ დააკმაყოფილა. სასტუმროსთან ერთად საქმიანობის უფლება შეუჩერდა ასევე სამორინესაც. 

სასტუმროს ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სასტუმროს 280 სტუმარი ჰყავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სპეციალისტებმა 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით სახანძრო-ტექნიკური შემოწმება (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სამჯერ განახორციელეს. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო „ლეოგრანდის" დახურვას მოითხოვს">>

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილზე ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. უწყების განცხადებით, გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

„ველმონდი" (ყოფილი „ლეოგრანდი“) ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სასტუმროა ბათუმში. ის 2015 წელს აშენდა ზღვის სანაპიროზე, პორტის მახლობლად. აჭარის მთავრობის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, 182-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელშიც არის საპრეზიდენტო აპარტამენტი, კონფერენც-დარბაზები და სპა-ცენტრი, 35 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

84