ზვიად კუპრავა

სასამართლომ ზვიად კუპრავას თავისუფლების სანაცვლოდ გირაო შეუფარდა

146
(განახლებულია 15:55 10.07.2018)
კუპრავას ადვოკატი სასამართლოს 1 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სთავაზობდა, ხოლო ზაზა სარალიძე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თავდებში უდგებოდნენ მას.

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავას პატიმრობის ნაცვლად 5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, იუწყება ტელეარხი „იმედი“.

აღსანიშნავია, რომ კუპრავას ადვოკატი სასამართლოს 1 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სთავაზობდა, ხოლო ზაზა სარალიძე და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა თავდებში უდგებოდნენ მას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას ორშაბათს მოსამართლის შეურაცხყოფაში დასდეს  ბრალი. საუბარია სასამართლოს სასადილოში კუპრავასა და პოლიციას შორის 11 ივნისს მომხდარ დაპირისპირებაზე, რომელიც განაჩენის გამოტანამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. იმ დღეს სასამართლო განიხილავდა კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული საპროტესტო აქციის სამი მონაწილის საქმეს, რომლებსაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად. 

ზვიად კუპრავა სასადილოში მოსამართლის მიერ შესვენების გამოცხადების შემდეგ ჩავიდა. მალე მასთან სამართლდამცველები მივიდნენ და დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს, ვინაიდან მოსამართლე განაჩენის გამოცხადებას აპირებდა. კუპრავა არ

დაემორჩილა მათ და უცენზურო სიტყვებით მოიხსენია მოსამართლე. პოლიციას მისი დარბაზში შეყვანა ძალის გამოყენებით მოუხდა.

მაშინ მოსამართლემ კუპრავას 14 დღით ადმინისტრაციული სასჯელი შეუფარდა.

ამჯერად კუპრავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო სასამართლოსადმი უპატივცემულობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის შეურაცხყოფის მუხლით, რაც ჯარიმით ან ერთიდან ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ორი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

146