წყალდიდობა სვანეთში

წყალდიდობა სვანეთში: ხეობა სამხედროებს პანელურ ხიდს სთხოვს

71
(განახლებულია 13:23 08.07.2018)
ამ დროისათვის ჭუბერში შედარებით მშვიდი მდგომარეობაა. ნენსკრაში წყლის დონემ დაიწია, მძიმე ტექნიკა მუშაობას განაგრძობს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თხოვნით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მიაშველოს დამატებითი საინჟინრო ტექნიკა, იუწყება „პირველი არხი“.    

იმის გამო, რომ სტიქიამ ჭუბერში ექვსი ხიდი დააზიანა, პრობლემურ ადგილებამდე მძიმე ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია. გამომდინარე აქედან, წამოიჭრა, ეგრეთ წოდებული, პანელური (ნავტიკი, — რედ.) სამხედრო ხიდების საჭიროება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი გახდება სამშენებლო ტექნიკის მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე გადაყვანა და აღდგენითი სამუშაოების დაწყება. 

„მიმართვის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტრო ჭუბერში გაგზავნის 50 მეტრიან პანელურ ხიდსა და 18 ერთეულ სამხედრო საინჟინრო ტექნიკას“, — აღნიშნულია საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისათვის ჭუბერში შედარებით მშვიდი მდგომარეობაა. ნენსკრაში წყლის დონემ დაიწია, მძიმე ტექნიკა მუშაობას განაგრძობს. ადგილზე უკვე მობილიზებულია 30 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომლებსაც დღის ბოლომდე კიდევ 20 შეემატება. 

71
თემები:
სტიქია სვანეთში (13)