აზიური ფაროსანა

ფაროსანა უკან იხევს - მავნებელთან ბრძოლამ შედეგი გამოიღო

120
(განახლებულია 21:20 13.06.2018)
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქიმიური დამუშავება ამ დროისათვის საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ჩატარდა

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ დროისათვის შეწამლა 160 ათასამდე ჰექტარი მიწა, რამაც უკვე შედეგი გამოიღო — მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია, განაცხადა სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე.

ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან: საქართველოს სპეცტექნიკა გადაეცა >>

პრეზენტაცია შედგა მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში აბაშაში, რომელიც გასულ წელს ყველაზე მეტად დაზარალდა. მავნებელმა გაანადგურა თხილის თითქმის მთლიანი მოსავალი, აგრეთვე ციტრუსის, ატმის, მსხლის, სიმინდის და ყურძნის მოსავალი.

„აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა“, — განაცხადა ჩეკურაშვილმა.

სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მავნებლის განადგურების პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის. მისი თქმით, დადებითი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა სახელმწიფო პოლიტიკის, საინფორმაციო კამპანიის და ოფიციალური სტრუქტურების მოსახლეობასთან თანამშრომლობის წყალობით.

მავნებლის გავრცელების არეალის დასადგენად საკოორდინაციო შტაბში ყოველდღიურ რეჟიმში მონაცემთა განახლება მიმდინარეობს. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით იგეგმება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გასატარებლად წელს რეგიონში მობილიზებულია 150 ერთეული მაღალი გამავლობის სპეციალიზებული ტექნიკა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს ათჯერ აღემატება. უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება ტერიტორიების შეწამვლის შესახებ მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებს.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გატარდა აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში. კერძოდ, 22 მუნიციპალიტეტის 382 სოფელში.

მეორე ეტაპზე ბრძოლის ღონისძიებები ქართველი და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით და სხვა ქვეყნების გამოცდილებით შემუშავებული სტრატეგიის მიხედვით გაგრძელდება. ივლისიდან სიმინდის საყანე ფართობების წამლობა დაიწყება. 

თბილისში აზიური ფაროსანა ყველაზე მეტად სამ ტერიტორიაზეა გავრცელებული >>

აზიური ფაროსანა საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა და, სავარაუდოდ, აფხაზეთიდან გავრცელდა.

მავნებლებთან ბრძოლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან წელს 49 მლნ ლარია გამოყოფილი. გარდა ამისა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით საქართველოს 3,5 მლნ დოლარს გამოუყო.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საქართველოს მთავრობის პროექტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა.


120
თემები:
საფრთხე - აზიური ფაროსანა საქართველოში (41)