„საქართველოს ეროვნული ერთობის წარმომადგენლები აქციაზე

უსაფრთხოების სამსახური ქართველი ფაშისტებით დაინტერესდა

100
(განახლებულია 15:37 18.05.2018)
ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობა" გააფრთხილეს, რომ ფაშისტური სიმბოლიკა არ გამოიყენონ.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს-ი) არსებულმა „თავისუფლების ქარტიის" კომისიამ წერილობით გააფრთხილა ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობა", რომლის ლიდერი ღიად აცხადებს, რომ ფაშიზმის იდეოლოგიას ემხრობიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სუს-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„საქართველოს ეროვნული ერთობის" შესახებ ქვეყანაში ლაპარაკი გასულ კვირას დაიწყეს, როდესაც მისმა წევრებმა სხვა ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია მოაწყვეს. ისინი ემუქრებოდნენ ლიბერალურად განწყობილ ახალგაზრდებს, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მოქმედებების წინააღმდეგ და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით მიტინგი მოაწყვეს. ნაციონალისტების აღშფოთება გამოიწვია აქციაზე ლგბტ–საზოგადოების მხარდამჭერმა განცხადებებმა.

„იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია ფაშისტურ სიმბოლიკას კვლავ გამოიყენებს, „თავისუფლების ქარტიით" გათვალისწინებული ზომები იქნება გატარებული", — განაცხადა სუს-ის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

„საქართველოს ეროვნულმა ერთობამ" გუშინ Facebook-ზე ახალი გვერდი შექმნა და განმარტა, რომ ძველი გვერდი გაუქმებულია. ამაში მათ ლიბერალებს დასდეს ბრალი.

კანონი სახელწოდებით „თავისუფლების ქარტია" ქვეყანაში 2011 წლიდან მოქმედებს. კანონი კრძალავს კომუნისტური ტოტალური და ფაშისტური სიმბოლიკის გავრცელებას.

კანონის თანახმად, მის შეუსრულებლობას მოჰყვება ჯერ გაფრთხილება, მეორედ იგნორირებას — ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით.

100