აქცია

რუსთაველის გამზირი: ლგბტ–ისა და ნაციონალისტების აქციების ეპიცენტრი

148
(განახლებულია 22:37 17.05.2018)
თბილისის სხვადასხვა ადგიას ლგბტ–საზოგადოების უფლებების დამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს, ნაციონალისტები კი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ

თბილისი, 17 მაისი — Sputnik.  თბილისში, საღამოს, ერთბაშად რამდენიმე საპროტესტო აქცია იმართება – ერთი მხრივ, ლგბტ–საზოგადოების უფლებების დამცველები ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეორე მხრივ კი ნაციონალისტები, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას და მთავრობის კანცელარიის შენობასთან მისვლას ცდილობენ. 

სწორედ მთავრობის სახლთან იმართება სპონტანური საპროტესტო აქცია „არა ჰომოფობიას, ტრანსფობიას, ფაშიზმს“, რომელიც სპონტანურია იმიტომ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“, რომელიც ლგბტ–საზოგადოების  უფლებებს იცავს, ხუთშაბათს დაგეგმილი მასობრივი აქცია გააუქმა. განცხადების თანახმად, ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ხელი არ შეეწყოთ „დაინტერესებული პირების“ მხრიდან არეულობისა და დაძაბულობისათვის.

მაშინ უკვე ცნობილი იყო, რომ ნაციონალისტებს მათთვის აქციის გამართვაში ხელის შეშლა სურდათ, მით უმეტეს, 17 მაისს, როცა საქართველოში ოჯახის ერთიანობისა და სიწმინდის დღეს აღნიშნავენ. თბილისში დღისით მრავალათასიანი მსვლელობა გაიმართა, რომელშიც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლმა მიიღო მონაწილეობა. 

მიუხედავად იმისა, რომ „თანასწორობის მოძრაობამ“ კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გააუქმა, ლგბტ–საზოგადოების უფლებების ცალკეულმა დამცველებმა განაცხადეს, რომ კანცელარიასთან შეხვედრას გეგმავენ.

მათი უფლებების დაცვის მიზნით, უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები გატარდა. დაიკეტა მეტრო „თავისუფლების მოედანი“, რომელიც მთავრობის კანცელარიის შენობიდან 200 მეტრში მდებარეობს, ხოლო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კონტრაქციის მონაწილეები – ძირითადად „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილი. ნაციონალისტებს პოლიციამ ალყა შემოარტყა, რომლის გარღვევასაც ისინი პერიოდულად ცდილობენ. მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ათზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ვიდრე რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვნებათაღელვა არ ცხრებოდა, ჯერ კიდევ დღისით “თანასწორობის მოძრაობამ“  სამთავრობო უწყებებთან – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, შსს–სთან და უცნობი ჯარისკაცის საფლავთან რამდენიმე მცირერიცხოვანი აქცია გამართა.

თითოეულ ამ აქციაზე მოძრაობის წევრები საქართველოში ლგბტ–საზოგადოების წევრთა პრობლემებზე ყურადღების გამახვილებას და ქვეყანაში ფაშიზმისა და ნაციონალურ–სოციალიზმის იდეოლოგიის მომხრე ორგანიზაციის გააქტიურების გამო  შესაბამისი ზომების მიღებას მოითხოვდნენ.


148
თემები:
თბილისი დღეს (665)