С ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი გახდება

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგეგმილია იმ დაწესებულებების რაოდენობის გაზრდა, სადაც С ჰეპატიტის მკურნალობა იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. С ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეტი ხელმისაწვდომობისთვის საქართველოში ახალი დაწესებულებები გაჩნდება, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

თბილისში С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების საკითხებზე მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

„თავიდან მხოლოდ მცირე რაოდენობის სპეციალიზებულ კლინიკებში შეეძლოთ ჩვენ მოქალაქეებს დიაგნოსტიკა და მკურნალობა; მართალია, ამ კლინიკების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ… საჭიროა ყველა რაიონში მინიმუმ ერთი დაწესებულება და დიდ ქალაქებში დამატებით დაწესებულებების გახსნა", — განაცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ ასევე აუცილებელია ოჯახის ექიმების გადამზადება და ამ პროცესში ჩართვა.

სისხლის ანალიზი - Sputnik საქართველო
იჩქარეთ: С ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა უსასრულოდ არ გაგრძელდება

С ჰეპატიტის მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში დაახლოებით 45 ათასი პაციენტი ჩაერთო, 40 ათასმა უკვე დაასრულა მედიკამენტის მიღება. სერგეენკოს განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი დარჩა, რომლებმაც არ იციან, რომ С ჰეპატიტი აქვთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის გამოკვლევა, ისე საინფორმაციო კამპანიები.

მინისტრმა აღნიშნა, რომ С ჰეპატიტის გამოსავლენად ანალიზის ჩატარება უფასოა და სულ 15 წუთი სჭირდება. ანალიზი უკვე ჩააბარა 1,5 მილიონმა ადამიანმა, მაგრამ მათი რაოდენობა 2,5 მილიონი უნდა იყოს, აღნიშნა მინისტრმა.

ღონისძიებას, მინისტრის გარდა, ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, აშშ-ის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ბეტ სკაგსი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.

С ჰეპატიტის უფასო დიაგნოსტიკა შესაძლებელია საქართველოს დაავადებების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 600 სამედიცინო ცენტრში.

საქართველოს მთავრობამ ამერიკულ კომპანია Gilead Sciences–თან 10–წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, ის ქვეყანას С ჰეპატიტის მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტებით ამარაგებს.

ყველა ახალი ამბავი
0