ნინო ბაბუხადიას ჩვენება Mercedes-Benz Fashion Week Madrid-ზე

ქართველმა დიზაინერმა თავისი ახალი კოლექციით ესპანეთი მოხიბლა

32
(განახლებულია 14:13 08.02.2018)
მოდა „ქართული აქცენტით" განაგრძობს მსოფლიო პოდიუმების დაპყრობას

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ნინო ბაბუხადია ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელმაც მონაწილეობა მიიღო Mercedes-Benz Fashion Week Madrid-ში.

ბაბუხადიამ წარადგინა ძალზე საინტერესო კოლექცია Fall/Winter 2018-2019, რომელშიც წარმოდგენილია როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსი. მადრიდის ჩვენების ვიდეო და ფოტოები ღონისძიების ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი კოლექციის შექმნა დიზაინერს XX საუკუნის გერმანელი ექსპრესიონისტი მხატვრის, ოტო დიქსის პორტრეტმა შთააგონა.

ბაბუხადიას კოლექციაში 90-იანი წლების სტილი იგრძნობა, რომელშიც ჭარბობს ყავისფერი, ლურჯი და წითელი ტონები. Mercedes-Benz Fashion Week Madrid-ის სტუმრებმა იხილეს ელეგანტური ზედა სამოსი ბრინჯაოსა და მკაფიო წითელ ტონებში, ტყავის კაბები და კოსტიუმები.

ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ღონისძიებაზე გამოსვლისთვის ბაბუხადია თანამშრომლობდა საიუველირო ნაწარმის ქართულ ბრენდთან Silhouette Jewelry, რომელთან ერთად მან შექმნა მასიური ვერცხლის საყურეები ტიხრული მინანქრით.

ქართველი დიზაინერის კოლექციას საკმაოდ ბევრი დადებითი გამოძახილი ჰქონდა, მათ შორის მოდის შესახებ ადგილობრივ გამოცემებში, ხოლო ესპანურმა Vogue-მა ბაბუხადიას ნაშრომი საკმაოდ თბილად შეაფასა.

Mercedes-Benz Fashion Week — ესაა მოდის საერთაშორისო კვირეულების სერია, რომლის ორგანიზატორია Mercedes-Benz-ი. ის ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება, მათ შორის საქართველოში, რუსეთში, აშშ-ში, თურქეთში, ავსტრალიაში და სხვა. წელს ესპანეთის მოდის კვირეულში მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 50 წამყვანი დიზაინერი მონაწილეობდა, მათ შორის Moisés Nieto, Pedro del Hierro, Leandro Cano და Oliva.

ბრენდი NINO BABUKHADIA 2012 წელს ლეიბლით NB Atelier შეიქმნა. ის ცნობილია თავისი დახვეწილი სამკაულებით, მომხიბლავი კოქტეილის სამოსით. ნინოს კოლექციები განკუთვნილია ყველა ასაკის ქალებზე. მადრიდის მოდის კვირეულზე მამაკაცის სამოსი მან პირველად წარმოადგინა.

ბაბუხადია 2000-2006 წლებში ტანსაცმლის დიზაინს საქართველოს ხელოვნების აკადემიაში სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ მან საკუთარი ბრენდი შექმნა. მას შემდეგ დიზაინერი აქტიურად მონაწილეობს მოდის სხვადასხვა ღონისძიებაში.

 

32
თემები:
ქართველი დიზაინერები მოდის სამყაროს იპყრობენ (60)