თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგები

მაჩალიკაშვილს, შესაძლოა, შეცდომით ესროლეს ტერორიზმის საქმის ახალი დეტალები

50
(განახლებულია 17:37 26.01.2018)
ტერორისტების დახმარების ბრალდებით დაკავებული რუსლან ალდამოვის ადვოკატმა ბრალდებულის დაკავების დეტალებზე ისაუბრა და ასევე იმაზე, თუ რატომ შეიძლება ესროლათ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილისთვის.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის დახმარებაში ბრალდებული რუსლან ალდამოვი ვარაუდობს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, მაგრამ შეეშალათ. ამის შესახებ ალდამოვის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. 

რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი და ბადურ ჩოფანაშვილი ტერორისტების დახმარების ბრალდებით 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს დააკავეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭრა კიდევ ერთი ბრალდებული – 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანი უდანაშაულოა და სპეცრააზმელის უმკაცრეს დასჯას მოითხოვს.

„(ალდამოვმა) მითხრა, რომ აქვს ეჭვი, გამიზნულად თუ არაგამიზნულად, არ ვიცი, მაგრამ იყო დაგეგმილი მისი ლიკვიდაცია და მისი პიროვნება შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნებაში“, – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, ალდამოვს ვინაობა უკვე დაკავების შემდეგ ჰკითხეს, მანამდე სპეცრაზმმა არ იცოდა, ვის აკავებდა.

„იხსენებს ერთ მნიშვნელოვან ფრაგმენტს, როდესაც მოხდა მისი დაკავება. შეგახსენებთ, იგი თავისი ნებით ჩაბარდა, დაწვა იატაკზე, ხელები ასწია და შემდგომ, როდესაც გაჰყავდათ ოთახიდან, რამდენჯერმე დააკვირდნენ და უცნაური კითხვაც დაუსვეს, თუ რა ერქვა მას. ამან მისი გაოცება გამოიწვია, რატომ უსვამდნენ ამ კითხვას. ის შეეკითხა, თუ თქვენ არ იცით ჩემი სახელი და გვარი, შესაბამისად, როგორ მოხვედით ჩემ საცხოვრებელ სახლში და მოახდინეთ ჩემი დაკავება ჩემი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით?“ – განაცხადა კუბლაშვილმა.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ არანაირი მკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჩატაევთან ჰქონდა კავშირი.

„არანაირი კავშირი, პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს არა თუ რუსლან ალდამოვის ჩატაევთან რაიმე ურთიერთობის, არამედ არანაირი დასტური, მტკიცებულება და ფაქტი იმისა, რომ რუსლან ალდამოვმა იცოდა, რომ არსებული ჩეჩენი ეროვნების ადამიანები, რომლებიც ლიკვიდირებული იქნენ, დაკავშირებული იყვნენ ახმედ ჩატაევთან, არც ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული“, — განაცხადა კუბლაშვილმა.

ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი ცოცხლები აღარ არიან. პირველმა თავი აიფეთქა, დანარჩენების ლიკვიდაცია კი თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას (2017 წლის 21-22 ნოემბერს) მოხდა. მათი კიდევ ერთი თანამზრახველი, შოაიფ ბორზიევი სპეცოპერაციის დასაწყისში დააკავეს. 

ამჟამად ტერორისტების დახმარების ბრალდებით დაკაებულია ექვსი ადამიანი – ალდამოვი, გორნაკაშვილი, მარგოშვილი, ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 331-ე მუხლით გრძელდება, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

50
თემები:
თბილისში ტერორისტების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა (38)