ორსული

საქართველოში ორსულების უფლებები გაუმჯობესდება

1345
(განახლებულია 15:42 26.01.2018)
საქართველოს შრომის კოდექსში შესწორებების შეტანის შემდეგ ორსულები კვლევების ჩატარებას სამუშაო საათებშიც შეძლებენ ისე, რომ ხელფასის დაქვითვის საშიშროება არ იქნება.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. ორსულებს სამედიცინო გამოკვლევებისთვის საჭირო დრო საპატიოდ ჩაეთვლებათ და აუნაზღაურდებათ, განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ. 

ჯანდაცვის კომიტეტმა შრომის კოდექსში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება ევროპარლამენტისა და ევროკავშირის დირექტივების „სამუშაო დროის ზოგიერთი ასპექტის შესახებ“ საფუძველზე გადაწყვიტა. ცვლილებების თანახმად, დამსაქმებელი ვალდებული იქნება, ორსულებს გამოკვლევებისთვის საჭირო დრო აუნაზღაუროს. ინიციატივა პარლამენტს 2018 წლის მარტში წარედგინება.

„ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა რამდენიმე კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შრომის უფლებებთან, დისკრიმინაციასთან მიმართებით ჩვენი საკანონმდებლო ნორმების ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანას“, – აღნიშნა ზოიძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შემოთავაზებულ ნორმებთან ერთად კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა კოლეგებს შეახსენეს, რომ აუცილებელია რამდენიმე რეგულაციის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, აღნიშნა ზოიძემ.

საქართველოში ორსულები თავად ირჩევენ სამშობიარო სახლს, სახელმწიფო ფარავს ხარჯების ნაწილს – ფიზიოლოგიური მშობიარობისას – 500 ლარის ოდენობით, საკეისრო კვეთისას – 800 ლარის ოდენობით.

ორსულობის დროს სახელმწიფო აფინანსებს რაიონული პოლიკლინიკის გინეკოლოგთან ოთხ ვიზიტს, და ოთხ ეტაპად რიგ ანალიზებს (მე-13 კვირა — სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, შიდსზე, ჰეპატიტზე, სიფილისზე შემოწმება, სისხლის რეზუსის დადგენა, მე-18–მე-20 კვირა — ექოსკოპია ნაყოფის სტრუქტურული ანომალიების გამოსარიცხად და ორჯერ — 30-დან 38-ე კვირამდე — შარდში ცილების დონისა და ჰემოგლობინის ანალიზები).

სახელმწიფოს დახმარების მისაღებად ორსული აღრიცხვაზე ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა დადგეს.

საქართველოს კანონმდებლობით, დასაქმებული ორსულების დეკრეტული შვებულების თანხა ხელფასზეა დამოკიდებული. მაქსიმალურია 1 ათასი ლარი. თანხის აღება ორსულობის 32-ე კვირიდან არის შესაძლებელი.

1345
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (151)