ხელბორკილების დადება

ჩატაევთან კავშირის გამო თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

45
(განახლებულია 15:31 29.12.2017)
მონაცემები დაკავებულის შესახებ სპეცსამსახურებმა ტერორისტ ახმედ ჩატაევის ტელეფონში აღმოაჩინეს

თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ცნობილი ჩეჩენი ტერორისტის, ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში თურქმა სამართალდამცველებმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თხოვნით, საქართველოს მოქალაქე გოჩა (ალი) საგინაძე დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სუს-ის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ჩატაევმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის მიმდინარეობისას (21-22 ნოემბერი) თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის ფარგლებში დეკემბერში ჩატაევთან კავშირის გამო საქართველოს კიდევ ხუთი მოქალაქე დააკავეს.

„არსებული საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახმედ ჩატაევის საქმის გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თურქმა სამართალდამცველებმა 26 დეკემბერს, ტრაპიზონის პროვინციაში, ოფის მახლობლად, საქართველოს მოქალაქე, გოჩა (ალი) საგინაძე დააკავეს. დაკავებული ტერორიზმთან კავშირში არის მხილებული", — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა ამოიღეს ბრალდებულის კუთვნილი, ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული მასალები.

სუს-ის თანამშრომლებმა საგინაძის პიროვნება ჩატაევის კუთვნილი ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის წყალობით დაადგინეს.

სუს-ში აცხადებენ, რომ ისინი თურქ კოლეგებთან აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობენ ისევე, როგორც სხვა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე თბილისში მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა, რომელიც თითქმის 24 საათს გაგრძელდა. სპეცოპერაციისას დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, ოთხი კი დაიჭრა.

სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დააკავეს ერთი ადამიანი, კიდევ ორი ლიკვიდირებულია — იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი (რუსეთის მოქალაქეები).

თავად ჩატაევმა სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა.

რაც შეეხება დაკავებულს, ის აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ინტერპოლის მიერ ტერორიზმის ბრალდებით იძებნება.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 26 დეკემბერს, გამთენიისას კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩაატარეს. თბილისსა და პანკისის ხეობაში დააკავეს ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალმადოვი, რამაზ მარგოშვილი ბადურ ჩოფანაშვილი და ტემირლან მაჩალიკაშვილი — ეს უკანასკნელი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. როგორც სუს–ი აღნიშნავს, სპეცრაზმელებმა მას თავის არესა და მხარში მას შემდეგ ესროლეს, რაც შენიშნეს, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა.

ხუთივეს ბრალად ედება ტერორისტ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირი. სუს–ის ინფორმაციით, ისინი საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ.

თბილისის სასამართლომ ხუთიდან ოთხ დაკავებულს გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

ამას გარდა, ოთხშაბათს ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ქალაქ ოფში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით დააკავეს.

 

45