„ის გამორჩეული ქართველი იყო" - ხელისუფლება ელჩის გარდაცვალებას გლოვობს

© photo: Sputnikსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტმა კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაცვალების შემდეგ სამშობლოს წინაშე დამსახურების გამო ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის გახსნისას ავსტრიაში საქართველოს ელჩის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში 26 დეკემბერს 58 წლისა გარდაიცვალა.

„მთავრობის სხდომა მინდა დავიწყო იმ ადამიანზე საუბრით, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის და ბევრისთვის ამ დარბაზში ახლო მეგობარიც იყო — ძალიან ღირსეულ ადამიანზე, კოტე ზალდასტანიშვილზე. ძალიან მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, სულ რამდენიმე დღის წინ მქონდა მასთან ბოლო კომუნიკაცია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ზალდასტანიშვილისგან ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრად ყოფნის ხანმოკლე პერიოდში.

სანთლები - Sputnik საქართველო
გარდაიცვალა საქართველოს ელჩი ავსტრიაში

„იგი იყო მართლაც გამორჩეული ქართველი, ჩვენი მეგობარი, ჩვენი დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი და ადამიანი, რომელიც ყველას გვეამაყებოდა. ძალიან მძიმეა ეს დანაკარგი. მე პირადად მისგან, იმ მოკლე პერიოდში, როდესაც ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და სასარგებლო რჩევა მივიღე. მას განსაკუთრებით უხაროდა, როდესაც სხვებს უზიარებდა თავის ძალიან მდიდარ გამოცდილებას. იგი იყო ყოველთვის იქ, სადაც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის გამორჩეულად იცავდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ძალიან მძიმე დანაკლისია ჩემთვის პირადად და ვიცი, რომ ყველა ჩვენგანისთვის", — აღნიშნა პრემიერმა.

ზალდასტანიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ასევე დიდი მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სამშობლოს წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.

„ჩვენ დავკარგეთ ღირსეული მამულიშვილი, რომლის უშუალო ინიციატივითა და მონაწილეობით განხორციელდა არაერთი პროექტი, რამაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ევროკავშირთან ურთიერთობების განვითარებას. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს", — ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ზალდასტანიშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩი, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი 2013 წლის 18 ივნისიდან იყო.

მან იცოდა სამი უცხო ენა — ინგლისური, რუსული და გერმანული.

ჰყავდა მეუღლე და ორი შვილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0