96 ხუთის წინააღმდეგ - ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის პოსტზე აირჩიეს

© Facebook / Nino Lomjariaნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ლომჯარია მეორე ქალი სახალხო დამცველია საქართველოს ისტორიაში. მანამდე ეს პოსტი ნანა დევდარიანს ეკავა 2000-2003 წლებში

თბილისი, 30 ნოემბერი —Sputnik.  საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს, ნინო ლომჯარიას კანდიდატურას პარლამენტმა დღეს გამართულ სხდომაზე უყარა კენჭი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

სხდომაზე ლომჯარიას კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთმა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გადამწყვეტი ბრძოლა სახალხო დამცველისათვის

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,  ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის აპარატს ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პარლამენტის დადგენილება 8 დეკემბრიდან ამოქმედდება, როდესაც წინა ომბუდსმენს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდება. 

პარლამენტში ომბუდსმენის თანამდებობაზე კიდევ ერთ, "პატრიოტთა ალიანსის" მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს უყარეს კენჭი. კენჭისყრის შედეგად მის  კანდიდატურას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 27 წინააღმდეგ იყო.

ლომჯარიას კანდიდატურა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ არასამთავრობო
ორგანიზაციების მიერ შერჩეული კანდიდატებიდან აარჩია.

ნინო ლომჯარია საქართველოში მეორე ომბუსდმენი ქალი გახდა. 2000-2003 წლებში საქართველოს სახალხო დამცველი ნანა დევდარიანი იყო.

ნინო ლომჯარია  დაიბადა ოზურგეთში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ კი — ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (სენტ-ლიუისი, აშშ).

  • 2005 წელს დაიწყო მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, სადაც სხვადასხვა პროექტს ხელმძღვანელობდა.
  • 2011 წელს ლომჯარია არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასულებელი დირექტორი გახდა.
  • 2015 წლიდან ბოლო დრომდე ორგანიზაციაში არჩევნებისა და სამართლის საკითხებში კონსულტანტი იყო. 2015-2016 წლებში ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების ქსელში (ENEMO) ეკავა გენერალური მდივნის თანამდებობა.

ნინო ლომჯარია არის რამდენიმე კვლევის ავტორი, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას და საარჩევნო გარემოს ეხება.

სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიზანი ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვაა. მხოლოდ ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, სპეციალური ნებართვის გარეშე მოინახულონ დაკავებულები ან პატიმრები. ომბუდსმენი წელიწადში ერთხელ პარლამენტის წინაშე ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობისა და გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშით გამოდის.

ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ფრაქციას ან ექვსკაციან დეპუტატთა ჯგუფს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა პარლამენტში სულ ცოტა 76 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველოს სულ ექვსი სახალხო დამცველი ჰყავდა: დავიდ სალარიძე, ნანა დევდარიანი, თემურ ლომსაძე, სოზარ სუბარი, გიორგი ტუღუში და უჩა ნანუაშვილი.

ხატია გიგოლაშვილი

ყველა ახალი ამბავი
0