საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის რუსეთში გასამართლებული პირი გათავისუფლდა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის კამერა
ციხის კამერა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინგა თუთისანი პატიმრობაში 2013 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა, ის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გაასამართლეს.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. პატიმრობიდან გათავისუფლდა სოჭში მცხოვრები ინგა თუთისანი, რომელიც 2008 წელს რუსული სამხედრო ძალების გადაადგილების შესახებ საქართველოში გადმოგზავნილი სმს–შეტყობინების გამო სახელმწიფო ღალატის ბრალდებით იქნა გასამართლებული, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  РИА Новости თუთისანის ადვოკატ ივან პავლოვზე დაყრდნობით.

თუთისანი, რომელმაც საქართველოს მიმართულებით სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებლებისა და გემების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია საქართველოში სმს–ის საშუალებით გადაგზავნა, 2013 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. ერთი წლის შემდეგ კრასნოდარის სამხარეო სასამართლომ მას ექვსი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა, 2017 წლის ნოემბერში კი რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სასჯელი 4 წლამდე შეუმცირა. 

იზოლატორი - Sputnik საქართველო
რუსეთში შპიონაჟისთვის მსჯავრდებული საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

„ინგა თუთისანი უკვე სახლშია", — ციტირებს РИА Новости თუთისანის ადვოკატის სიტყვებს.

თუთისანის გარდა საქართველოს სასარგებლოდ სახელმწიფო ღალატისთვის რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს – ოქსანა სევასტიდი, ანიკ კესიანი და მარინა ჯანჯღავა. სავესტიდს 7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კესიანს – 8 წლით, ხოლო ჯანჯღავას – 12 წლით. მიმდინარე წლის მარტსა და აგვისტოში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს ქალბატონები შეიწყალა.

თუთისანის საპყრობილიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ფლობს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. მისი სიტყვებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ დასვა სახელმწიფო ღალატისთვის ბრალდებულის გათავისუფლების საკითხი.

აბაშიძის სიტყვებით, თუთისანისა და კიდევ სამი ქალბატონის გათავისუფლების საკითხმა მას შემდეგ წამოიწია, რაც საქართველომ რუსეთში შპიონაჟისთვის გასამართლებული საკუთარი რვა მოქალაქის გათავისუფლების საკითხის დადებითად გადაწყვეტას მიაღწია.

„საქართველოს რვა მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ ბოლო შეხვედრებზე (კარასინთან) ჩვენ ვსაუბრობდით იმ პირებზეც, რომლებიც სასჯელს იხდიან საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. რუსეთის რამდენიმე მოქალაქე დარჩა ამ ბრალდებით და მათ შორის ფიგურირებდა თუთისანიც. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ პირის პატიმრობის შესახებ მასმედიიდან შევიტყვეთ. შეხვედრებზე ფიგურირებდა მისი გვარი“, – ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ აბაშიძის სიტყვებს.

როგორც მან აღნიშნა, საქართველომ ამ ქალატონების გათავისუფლება ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე ითხოვა.

„ვერ გეტყვით, რამ იმოქმედა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა იყო მთავარი საბაბი ამ ქალბატონის გათავისუფლებისა, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ შევიტყვეთ და მოხარულები ვართ“, – დასძინა აბაშიძემ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ყველა ახალი ამბავი
0