კონფლიქტი ილიას უნივერსიტეტში: რექტორის კომენტარი

© FB / Iliauniგიგა ზედანია
გიგა ზედანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას 25 ლექტორის უსამართლო გათავისუფლებაში ადანაშაულებენ.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებმა თანამდებობაზე აღსადგენად მონაწილეობა უნდა მიიღონ კონკურსში და უარი თქვან სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობაზე, ასეთი კომენტარი გააკეთა რექტორმა გიგა ზედანიამ უნივერსიტეტის სტუდენტების უკმაყოფილების პასუხად.

ილიაუნის სტუდენტები გათავისუფლებული ლექტორების აღდგენისა და ბიზნეს-სკოლის დეკანის ნინო პატარაიას გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ.

სტუდენტები დარწმუნებული არიან, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 25 ლექტორი უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გაათავისუფლა. გათავისუფლების ერთ-ერთ-მიზეზად პარალელურად სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექციების კითხვა დასახელდა.

ილიაუნი - Sputnik საქართველო
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

"ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ჩვენს, ამ ძველ მოწვეულ ლექტორებს აქვთ შესაძლებლობა შემოიტანონ საბუთები და წარმატების შემთხვევაში გახდნენ ჩვენი თანამშრომლები. ოღონდ ამ შემთხვევაში მათ მოუწევთ იყვნენ აფილირებული მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ უნივერსიტეტთან და არც ერთ სხვა უნივერსიტეტთან. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი", – განუცხადა ზედანიამ ჟურნალისტებს.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარი უნივერსიტეტის კერძო საქმეა.

"ინფორმაცია არ მაქვს, ეს არის ილიაუნის საქმე, მათი საკადრო პოლიტიკა და, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტი", – განუცხადა ჟურნალისტებს ჯეჯელავამ.

უნივერსიტეტების ადმინისტრაციის გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან აგრეთვე გათავისუფლებული ლექტორები, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართვას მოითხოვენ.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 წელს ექვსი ინსტიტუტის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. დღეისათვის იგი საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

ყველა ახალი ამბავი
0