საპატრიარქოს იურისტი: ილია მეორის მოკვლა უნდოდათ

© Sputnik / Levan Avlabreliსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ჭყონდიდის მიტროპოლიტის პეტრე ცაავასა და მისი გარემოცვის მისამართით სკანდალური ბრალდებებით გამოვიდა.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე დაადანაშაულა იმაში, რომ ის დაინტერესებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ჩამოშორებაში, რასაც თავად მეუფე პეტრემ ცილისწამება უწოდა.

ქარჩავა ამტკიცებს, რომ საქართველოს საპატრიარქოში არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც „ციანიდის საქმესთან" არის დაკავშირებული.

ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს. მამალაძეს ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება დასდეს ბრალად. მოგვიანებით ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) განაცხადა, რომ მამალაძის დაკავება თეთრუაშვილს აწყობდა, რომელსაც მან საპატრიარქოს „რუხი კარდინალი" უწოდა.

„ეს არის „ციანიდის საქმესთან" დაკავშირებული ჯგუფი, რომელიც სულიერ, იდეურ და სხვა სახის მხარდაჭერას უცხადებდა, ორგანიზებულად მოქმედებდა, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის მმართველობის გაუქმება, კათოლიკოს-პატრიარქის ნებისმიერი ფორმითა და ხერხით საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოგდება, მათ შორის, ლიკვიდაცია", — განაცხადა ქარჩავამ ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ მეუფე პეტრე მეგობრობდა მამალაძესთან და კათოლიკოს-პატრიარქის ყოფილ მცველ სოსო ოხანაშვილთან.

საკანი - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

„მეუფე პეტრეზე უშუალოდ ვერ ვიტყვი, რომ ლიკვიდაციაში მონაწილეობდა, მაგრამ მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს-პატრიარქის მოკვდინება… გამოვიდეს და საზოგადოებას სიმართლე უთხრას. თუ ის არ იტყვის სიმართლეს, მე ვიტყვი. ის მეგობრობდა როგორც მამა გიორგი მამალაძესთან, ისე სოსო ოხანაშვილთან, მათ უწევდა სულიერ თანადგომას, მათი მთავარი მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან ჩამოშორება", — განაცხადა ქარჩავამ.

მეუფე პეტრემ ბრალდებებს პროვოკაცია და სიცრუე უწოდა.

საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
მამალაძის საქმის სასმართლო სხდომა მისი ინტიმური ცხოვრების დეტალების გამო დაიხურა

„პატრიარქი ისევ დეზინფორმირებულია და ამას ამ კონტექსტით არავითარ შემთხვევაში არ მიაწვდიან. და, ღმერთმა დაიფაროს საქართველოს ეკლესია, თუ ყველაფრის საქმის კურსშია ჩვენი პატრიარქი, მაშინ ძალიან მძიმე დღეში ყოფილა ჩვენი ეკლესია… სანამ პატრიარქი ამ ადამიანების გარემოცვაშია, ჩვენ არა ვართ დაცული მსგავსი ინტრიგებისგან, მსგავსი პროვოკაციებისგან, მსგავსი ცილისწამებისგან, რაც პირველ რიგში ემსახურება ეკლესიისა და პატრიარქის დისკრედიტაციას", — განაცხადა მეუფე პეტრემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

პეტრე ცაავა არაერთხელ გამოვიდა მასმედიაში და მამალაძეს დაუჭირა მხარი. რაც შეეხება დეკანოზ მამალაძეს, ის ბრალს არ აღიარებს. საქმის სასამართლო მოსმენები უკვე დაიწყო, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით, ის დაიხურა. მამალაძისთვის წაყენებული ბრალდებები 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0