გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი: მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს

13
საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის გახანგრძლივების, ახალი ბაზრების დივერსიფიკაციის, სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ მაქვს ორი მნიშვნელოვანი თანამდებობა — პირველი — წილად მერგო პატივი, ვიყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მეორე — სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების პროექტების მენეჯერი, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციაზე. 

ევროპისა და აზიის სამთო კურორტების მე-3 საერთაშორისო კონფერენცია "ინოვაციური სტრატეგიები სამთო ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის" დღეს თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" გაიხსნა,  რომელშიც 40-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე დელეგატი მონაწილეობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება, რისთვისაც ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტალებ რიფაის მადლობა გადაუხადა. 

„საქართველოს წილად ხვდა პატივი, ემასპინძლა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციისთვის. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოვლენა, რადგანაც მეღვინეობის ტრადიციებს საფუძველი სწორედ საქართველოში ჩაეყარა 8 000 წლის წინ", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 საქართველოს ტერიტორიის 65%-ზე მეტი მთაგორიანია და მთავრობა აქტიურად ავითარებს მთის კურორტებს, რათა ამ რეგიონებში გაჩნდეს წინსვლის მეტი შესაძლებლობა. სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რათა საქართველოს მთის კურორტები ზამთარ-ზაფხულ დატვირთული იყოს და მთელი წლის განმავლობაში ტურისტებს ჰქონდეთ ლაშქრობებში, გასართობ თუ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა. 

„აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი სეზონის განმავლობაში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების სტუმართა რიცხვი 800%-ით გაიზარდა და ამ სეზონზე 49%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველოს მიზანია, უმასპინძლოს საერთაშორისო შეჯიბრს ზამთრის სპორტის სახეობებში. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გამართული მთის სათხილამურო კურორტების განსავითარებლად", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოსთან უაღრესად მნიშვნელოვანი, ხანგრძლივი, და თვალსაჩინო თანამშრომლობით ამაყობს. 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევისა და ხედვის ეფექტურობაზე სამი უმნიშვნელოვანესი მიღწევა მიუთითებს — უცხოელ ტურისტთა რაოდენობა განუწყვეტლივ ზრდა; მოგზაურობის გამარტივება და სავიზო რეჟიმის ცვლილება და სამთო კურორტების განვითარებისკენ მიმართული ძალისხმევა.  

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობს
© FB / Giorgi Kvirikashvili
საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მასპინძლობს

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები განიხილავენ სამთო კურორტების განვითარებისა და სეზონის მთელი წლის განმავლობაში გახანგრძლივების, ახალი ბაზრების დივერსიფიკაცის, ინვესტიციების სტიმულირებისთვის სამთო კურორტებზე ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბების, სამთო ტურიზმის სფეროში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. 

კონფერენციაში მონაწილეობენ სამთო ტურიზმის მსოფლიოში ცნობილი ექპერტები და სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიების ორგანიზატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. 


13
თემები:
საქართველოს მთავრობა (36)