საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები უესტმინსტერის ხიდთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულებს ეხმარებიან

საქართველოს მოქალაქეები ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად არ დაშავებულან

26
(განახლებულია 12:25 28.03.2017)
საგარეო საქმეთა სამინისტრო ლონდონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილებისგან.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად არ დაშავებულან, იუწყება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი თამარ ბერუჩაშვილი.

ლონდონში ტერაქტი ტურისტებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილას 22 მარტს მოხდა. ვესმინსტერის ხიდზე მოძრავმა ავტომობილმა რამდენიმე ადამიანი გაიტანა და პარლამენტის შენობამდე მიაღწია, სადაც ის პოლიციამ გააჩერა. ბოროტმოქმედმა პოლიციელი დანით დაჭრა, რის გამოც სამართალდამცველი გარდაიცვალა.

"არ არის ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ. საკონსულოში ტრადიციულად მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი და ჩვენ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ დაგვიკავშირდნენ," — განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში.

ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის ცხელი ხაზი: +44 7872 064830.

გარდა ამისა, ცხელი ხაზი ფუნქციონირებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ((+995 32) 294 50 50.

 საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს  მაქსიმალურად კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებთან, გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები და თავი შეიკავონ კონკრეტულ ადგილებში გადაადგილებისგან: პარლამენტის მოედანი, ვესტმინსტერის ხიდი, ლამბეტის ხიდი და სხვა ცენტრალური ქუჩები.

სასწრაფო დახმარების მანქანები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები ლონდონში მომხდარი ტერაქტის ადგილზე უესტმინსტერის ხიდთან
© AP Photo/ Stefan Rousseau / PA
სასწრაფო დახმარების მანქანები და საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები ლონდონში მომხდარი ტერაქტის ადგილზე უესტმინსტერის ხიდთან
26