საქართველოს პროკურატურა

პროკურატურა მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს ასაჯაროებს

83
(განახლებულია 11:39 09.03.2017)
საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ დაკითხვებზე „აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა“, ხოლო კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხებზე საერთოდ უარი თქვა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს მთავარი პროკურატურა ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიების შუალედურ შედეგებს აქვეყნებს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში, საიდანაც იგი გერმანიაში გაფრენას გეგმავდა. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს და ბრალად მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობა წაუყენეს. როგორც ცნობილია, დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

„სულ ჩატარებულია ოთხმოცდაათამდე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება, მათ შორის დათვალიერდა და ამოღებული იქნა მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ინფორმაციის სხვა მატარებლები, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა ნაწილზე უკვე მივიღეთ დასკვნები, რაც შესაძლებლობას გვაძლევს ვისაუბროთ გამოძიების შუალედურ შედეგებზე და გავასაჯაროოთ საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი“, — ნათქვამია მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს მოქალაქე ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ამ უკანასკნელმა საქართველოს პროკურატურას აცნობა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ შხამიანი ნივთიერება კალიუმის ციანიდის შოვნა სთხოვა. დასტურად კი გიორგი მამალაძესთან შეხვედრის ამსახველი მის მიერვე ჩაწერილი აუდიო- და ვიდეომასალა წარუდგინა.

გარდა ამისა, მოქალაქე მამალაძემ პროკურატურას გადასცა მამა გიორგი მამალაძის ხელით ნაწერი ფურცელი სიტყვებით „კალიუმ ციანიდი“.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი მამალაძე ირაკლი მამალაძეს სთხოვდა შემჭიდროებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების — ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ასევე ჰპირდებოდა მომავალში არამართლზომიერ სარგებელს“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მონაცემების თანახმად, მამა გიორგი მამალაძე გერმანიაში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა თანმხლებ პირებთან, მათ შორის, შორენა თეთრუაშვილთან ერთად.

პროკურატურა აცხადებს, რომ დაიგეგმა ირაკლი მამალაძისა და მამა გიორგი მამალაძის შეხვედრები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რითიც გამოძიება ბრალდებული დეკანოზის რეალური „განზრახვის, მიზნის, მოტივისა და შესაძლო თანამზრახველების“ დადგენას ცდილობდა.

როგორც მთავარი პროკურატურა აცხადებს, დაგეგმილ პირველ შეხვედრაზე ირაკლი მამალაძემ დეკანოზს აცნობა, რომ კალიუმის ციანიდის მოძიება განსაკუთრებულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და მის ნაცვლად ნატრიუმის ციანიდის შეძენა შესთავაზა. მამა გიორგი მამალაძემ სწორედ ამ შეხვედრისას, 4 თებერვალს, 16 საათსა და 28 წუთზე ტელეფონით ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია ნატრიუმის ციანიდის შესახებ, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ ეს ძლიერმოქმედი შხამი იყო და ადამიანზე კალიუმის ციანიდის მსგავსად მოქმედებდა. შესაბამისად, ირაკლი მამალაძეს მისი შეძენა სთხოვა.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ ამავე საუბარში გამოჩნდა გიორგი მამალაძის მიზანი — მიეღწია გარკვეული იერარქიული წინსვლისთვის, ხოლო გეგმის განხორციელების შემთხვევაში ირაკლი მამალაძეს „კარგ ადგილს“ ჰპირდებოდა. 

„2017 წლის 6 თებერვლის შეხვედრის შემდგომ ბრალდებული ელოდებოდა თანხის გამოგზავნას შეთანხმებისამებრ ირაკლი მამალაძისთვის გადასაცემად, თუმცა მათ შორის შეხვედრა აღარ შედგა და ბრალდებულმა ნატრიუმის ციანიდი ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირისგან შეიძინა და ისე, რომ აღარ დაკავშირებია ირაკლი მამალაძეს, 10 თებერვალს მიემგზავრებოდა გერმანიაში“, — იუწყება მთავარი პროკურატურა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ გამოძიებამ ბრალდებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონს კომპიუტერული ექსპერტიზა ჩაუტარა და დაადგინა, რომ „გიორგი მამალაძე მკვლელობის მიზნით კალიუმის ციანიდის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა ინტერნეტ-საძიებო სისტემა Google-ის მეშვეობით“.

რაც შეეხება ხელნაწერ სიტყვებს „კალიუმ ციანიდი“, კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ ისიც მამა გიორგი მამალაძის ხელითაა შესრულებული.

გარდა ამისა, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას გამოძიებამ კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა ამოიღო.

„მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე,  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე“, — აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს, ამ ეტაპზე მხოლოდ ვიდეოჩანაწერების და ბრალდებულის მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი გასაჯაროვდა.

გარდა ზემოთქმულისა, საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ დაკითხვებზე „აქამდე დასმულ ვერც ერთ მნიშვნელოვან კითხვას დამაჯერებელი პასუხი ვერ გასცა“, ხოლო კრიტიკულ შეკითხვებზე პასუხებს საერთოდ თავი აარიდა — უარი თქვა პასუხზე.

„გიორგი მამალაძის ვერსია, თითქოსდა ის შორენა თეთრუაშვილის თხოვნით ცდილობდა კალიუმის ციანიდის შეძენას, რომელიც თითქოსდა საჭირო იყო საპატრიარქოში მომუშავე ოქრომჭედლისთვის, არის აბსურდული და ცალსახად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ვერსიის განვითარებით იგი ცდილობს ბრალად შერაცხული დანაშაული გადააბრალოს იმ მხარეს, ვისთანაც, მისივე ჩვენებით, არის დაპირისპირებული და ვის წინააღმდეგაც მიმართული იყო მისი ქმედება“, — ასკვნის მთავარი პროკურატურა.

უწყება საზოგადოებას მოთმინებისაკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ პერიოდულად მიაწვდის ქვეყნის მოსახლეობას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

83
თემები:
სკანდალი საქართველოს საპატრიარქოში (45)