სამარშრუტო ტაქსი

ქუთაისის სამარშრუტო ტაქსებში ტარიფის თვითნებურად გაზრდას ჯარიმა მოჰყვა

33
(განახლებულია 19:01 08.03.2017)
ქუთაისელმა მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და ხაზებზე გავიდნენ, მაგრამ მათი ნაწილი მგზავრებს 10 თეთრით მეტს ახდევინებდა.

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. ქუთაისის მიკროავტობუსების ხაზების მფლობელები გაფიცვისა და მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდის გამო დააჯარიმეს, ნათქვამია ქალაქის მერიის ფეისბუქ-გვერდზე.

ორშაბათს ქუთაისის მიკროავტობუსებისა და ავტობუსების მფლობელებმა პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს სამუშაოდ გასვლაზე და მგზავრობის ღირებულების 10 თეთრით გაზრდა მოითხოვეს. მძღოლები ჩიოდნენ, რომ მათი შემოსავალი გასავალს ვერ ფარავს.

გაფიცულებს სამშაბათს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ და განუმარტეს, რომ ტარიფის ზრდა არ იგეგმებოდა. საღამოს გაფიცვა შეწყდა და მძღოლები ხაზებზე გავიდნენ, მაგრამ მათი ნაწილი მგზავრებს 10 თეთრით მეტს ახდევინებდა.

ქუთაისის მერიამ ეს კანონის დარღვევად შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ.

„მიკროავტობუსები და ავტობუსები დილიდან მგზავრთა გადაყვანას ძველი ტარიფით უზრუნველყოფენ. ქუთაისის მერიის მიერ გატარდა საჯარიმო ღონისძიებები, კერძოდ: არასანქცირებული აქციის გამო დაჯარიმდა ყველა (42) სამარშრუტო ხაზის ნებართვის მფლობელი და თვითნებურად გაზრდილი ტარიფის გამო შესაბამის ხაზებზე გამოიწერა ჯარიმები“, — ნათქვამია მერიის განცხადებაში.

33