კადრი ფილმიდან ხატიკო

სიყვარული, ერთგულება და ხატიკო...

356
(განახლებულია 15:07 13.03.2017)
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს შესანიშნავი დილაა, რადგანაც მთელი მსოფლიო აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს. ვინც აქამდე ვერ შეამჩნიეთ, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აივანზე ბროწეულის ხე — ქალბატონია, ხოლო ადესა — ვაჟი გახლავთ. ყოველთვის, როდესაც ქარი დაუბერავს, ისინი ერთმანეთისკენ იხრებიან. ბროწეული, როცა აყვავდება, ნაზად შეახებს ხოლმე სასწაულად ლამაზ ყვავილებს მისკენ საგანგებოდ გადმოზნექილ ვაზს. დღეს შევამჩნიე, რომ ბროწეულის ხე განსაკუთრებით გალამაზებულია, როგორც ჩანს, ადესამ კომპლიმენტი გაუკეთა 8 მარტთან დაკავშირებით…

მე მამაკაცებს ვყოფ ოთხ კატეგორიად: პირველი კატეგორიაა მამაკაცები, რომლებიც 8 მარტს თავის საყვარელ ქალებს დიდი სიყვარულით ჩუქნიან მიმოზის მორიდებულ ტოტს ან თეთრი ვარდების დახვეწილ აფეთქებას (მნიშვნელობა არა აქვს). მეორე კატეგორიის მამაკაცებისთვის ყველა დღე ქალთა საერთაშორისო დღეა, მაგრამ მაინც ცდილობენ განსაკუთრებით გაალამაზონ ეს დღე. მესამე კატეგორიაში შედიან მამაკაცები, რომლებისთვისაც ყველა დღე ქალთა პლანეტთაშორისო დღეა და რომლებიც ამ დღეს თავის ქალბატონებს წინა ღამეს მოწყვეტილი ერთი ვარსკვლავის ნაცვლად, ორ ვარსკვლავს უდებენ ბალიშთან. ჰოდა მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ყვავილებს საერთოდ… 

რაც შეეხება მეოთხე კატეგორიას, მასში შედიან ის მამაკაცები, რომლებიც ვერ იკავებენ ღირსეულ ადგილს პირველ სამ კატეგორიაში.

რომ დაუფიქრდე, ქალებს მამაკაცებისგან სულ ორად-ორი რამე უნდათ — სიყვარული და ერთგულება. ახლა, რაღა თქმა უნდა, ვორპირობ, რადგან ამ ორ ცნებაში იმდენია გაერთიანებული, რომ…

დღეს გაგიკვირდებათ, მაგრამ არ ვისაუბრებ არც რომეოსა და ჯულიეტაზე, არც ტრისტანსა და იზოლდაზე, არც ორფეოსსა და ევრიდიკაზე და არც გამიჯნურებულ ლეილასა და მეჯნუნზე. მათი სიყვარულისა და ტრაგედიების ამბები ყველამ შესანიშნავად ვიცით.

მე გავიხსენებ ერთ საოცარ არსებას — ხატიკოს, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1935 წლის 8 მარტს უკანასკნელად მივიდა ტოკიოს ერთ-ერთ გაჩერებაზე, სადაც ისევ ვერ იპოვა თავისი პატრონი და სადაც მისი დიდი, თბილი, უანგარო სიყვარულით სავსე და გადაღლილი გული გაჩერდა…

ალბათ, ყველას გაქვთ ნანახი შესანიშნავი ფილმი „ხატიკო“, რომელშიც მთავარ როლს რიჩარდ გირი ასრულებს.

ეს ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. ხატიკო 1923 წლის 10 ნოემბერს დაიბადა იაპონურ პრეფექტურა აკიტაში, ფერმერის ოჯახში. ის რიგით მერვე ლეკვი იყო და ამიტომაც დაარქვეს ხატი (hachi — რვა), ხოლო სუფიქსი კო (kō) — იაპონურ ენაში შეჩვევას ნიშნავს. ფერმერმა ხატიკო ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორს ხიდესანუბო უენოს აჩუქა. მათ შორის ისეთი საოცარი და განსაკუთრებული ურთიერთობები დამყარდა, როგორც ეს ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ეს „მისი ძაღლია“ და ძაღლიც გრძნობს, რომ ეს „მისი ადამიანია“.

ხატიკო ყოველ დილით პროფესორს აცილებდა სადგურ სიბუიამდე და ზუსტად 3 საათზე ბრუნდებოდა იმავე სადგურზე, რათა პატრონს დახვედროდა და სახლში ერთად დაბრუნებულიყვნენ…

1925 წლის 21 მაისს პროფესორს უნივერსიტეტში ინფარქტი მოუვიდა და, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ის სახლში აღარ დაბრუნებულა.

ხატიკო ამ დროს 18 თვის იყო. სავარაუდოდ, მას ძალიან გაუკვირდა, როცა პატრონი სადგურიდან არ გამოვიდა. დიდხანს ელოდა, დაბრუნდა სახლში მარტო და დაწვა პროფესორის სახლის აივანზე. მეორე დღეს ხატიკო ზუსტად სამ საათზე ისევ მივიდა სადგურის კართან, მესამე დღეს ისევ და… ასე გრძელდებოდა მთელი 10 წლის განმავლობაში.

კადრი ფილმიდან ხატიკო
Sputnik
კადრი ფილმიდან "ხატიკო"

მას ყველა იცნობდა, უვლიდნენ, ეფერებოდნენ, ცდილობდნენ აეხსნათ, რომ მისი პატრონი აღარ დაბრუნდებოდა. პროფესორის ნათესავებმა და ახლობლებმა რამდენჯერმე თავისთან სახლშიც წაიყვანეს. მაგრამ ხატიკო მაინც ბრუნდებოდა იქ, სადაც არ შეეძლო არ დაბრუნებულიყო…

1932 წელს ტოკიოს ერთ-ერთ უმსხვილეს გაზეთში მასზე წერილიც დაიბეჭდა სათაურით — „ერთგული ბებერი ძაღლი ელის თავის პატრონს“. ხატიკო უცებ ცნობილი გახდა მთელ იაპონიაში. ხალხი სპეციალურად დადიოდა სადგურ სიბუიაზე, რომ ხატიკო ენახათ. ადამიანი რომ ყოფილიყო, შეიძლება გახარებოდა კიდეც ეს ყურადღება, მაგრამ ძაღლი იყო და მისთვის ეს სულ ერთი იყო. ის აგრძელებდა სიყვარულს და ლოდინს კიდევ 3 წლის განმავლობაში…

იმ ადგილზე, სადაც მან უკანასკნელად გაიხსენა პროფესორი, დადგეს ხატიკოს ძეგლი, მთელ იაპონიაში კი ერთდღიანი გლოვა გამოაცხადეს.

დღეს ტოკიოში, ხატიკოს ძეგლის წინ, რომელიც სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოდ იქცა, ტრადიციულად ერთმანეთს ხვდებიან შეყვარებულები. აქ გაისმის წინადადებები ცოლად გაყოლის თხოვნით, შემდეგ იქმნება ოჯახები, იბადებიან ბავშვები… და ეს ყველაფერი ხდება სევდიანი და კეთილშობილი ხატიკოს მკაცრი მეთვალყურეობით…

მე სახლში ჩემი საკუთარი ხატიკო მყავს, მართალია, ლაბრადორია და ზოგჯერ ასე მგონია, საჭმლის და მოფერების გარდა არაფერი აინტერესებს, მაგრამ სამი წლის წინ შევამჩნიე, რომ ჩემთან სინქრონულად გრძნობს თავს კარგად ან უარესად, ჩემთან ერთად ავადმყოფობს და ჩემთან ერთად ჯანმრთელდება, თქვენ წარმოიდგინეთ, გასუქებას და გახდომასაც ჩემთან სინქრონულად ახერხებს.

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და სიყვარულით გადავსებულ დღეს, თქვენი საყვარელი ადამიანებისა და ხატიკოების გვერდით!

 


356