თბილისის ცენტრში „ჩემპიონთა აკადემია“ გაიხსნა

გამოწერა
„ჩემპიონთა აკადემია“ პროფესიონალ სპორტსმენებს ნებისმიერ სახეობაში მოამზადებს, თუმცა იქ ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე მაიკლ ბარვისის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული პირველი ამერიკული ცენტრი „ჩემპიონთა აკადემია“ გაიხსნა.

„ჩემპიონთა აკადემია“ პროფესიონალ სპორტსმენებს ნებისმიერ სახეობაში მოამზადებს, თუმცა იქ ვარჯიში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აღნიშნულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"ჩემპიონთა აკადემია" ოთხ სართულზეა განთავსებული. იქ დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა ტიპის პროგრამებს სთავაზობენ. ცენტრში ასევე მოქმედებს სპეციალური სავარჯიშო პროგრამები ბავშვებისა და ქალებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში ამოქმედდება პოსტრავმული და ნეირორეაბილიტაციის პროგრამები. ტრავმის შემდგომ თითოეული ადამიანის მონაცემები ამერიკაში გაიგზავნება და მაიკლ ბარვისი ყოველი მათგანისთვის სპეციალურ ინდივიდუალურ პროგრამას შეიმუშავებს.

ყველა მეთოდოლოგია სპორტული მედიცინის უახლესი კვლევების საფუძველზეა შექმნილი.

„ჩემპიონთა აკადემიის" მთავარი მწვრთნელები ბრიტანელი და ქართველი სპეციალისტები არიან, რომლებმაც ამერიკაში სპეციალური სწავლება გაიარეს.

ცენტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დამფუძნებელთან ერთად გახსნა.

ცენტრის გახსნისათვის ხუთ მილიონამდე ლარის ქართული ინვესტიცია ჩაიდო. როგორც გახსნისას „ჩემპიონთა აკადემიის“ დამფუძნებელმა, გიორგი ოქრიაშვილმა განაცხადა,  პროექტის ინვესტიცია მთლიანად ქართულია.

„ჩვენ გავხსენით პროფესიული ფიზიკური მომზადების ცენტრი, რითიც საუკეთესო პირობები შევქმენით ქართველი სპორტსმენების განვითარებისთვის. შეგვიძლია მოვამზადოთ ნებისმიერი სპორტსმენი სპორტის ყველა სახეობისთვის… დიდი გეგმები გვაქვს ქართული სპორტის განვითარების კუთხით, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ“, – განაცხადა მან.

ცენტრის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა.

„მისასალმებელია ბოლო პერიოდში კერძო სექტორის დაინტერესება სპორტის განვითარების კუთხით… ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი სპორტსმენების წარმატებისთვის და მჯერა, ეს მათ შემდგომ გამარჯვებებს ხელს შეუწყობს… ეს არის ქალაქის ცენტრში საუკეთესო ინვენტარით აღჭურვილი დარბაზი“, – განაცხადა მინისტრმა.

ყველა ახალი ამბავი
0