საქართველოში ჩვ.წ.აღ-მდე XI-X საუკუნის წარწერის აღმოჩენის ადგილზე მუზეუმს ააშენებენ

გამოწერა
2015 წელს არქეოლოგიური ექსპედიციის დროს აღმოჩენილია ჩვ.წ.აღ-მდე აშენებული ტაძარი და ორი საკურთხეველი. საკურთხევლის კვარცხლბეკზე იყო ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც ამერიკულმა ლაბორატორიამ ჩვ.წ.აღ-მდე 1005-920 წლებით დაათარიღა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ გრაკლიანის გორასთან სამუზეუმო სივრცის მშენებლობას იწყებს, სადაც წარმოდგენილი იქნება იქ აღმოჩენილი ყველა არტეფაქტი, ნათქვამია მეცენატის საიტზე.

გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

სწორედ ამ ძეგლის ტერიტორიაზე 2015 წელს აღმოჩენილია, მეცნიერების ვარაუდით, უნიკალური წარწერა, რომელიც ამერიკულმა ლაბორატორიამ ძვ.წ.აღ. 1005-920 წლებით დაათარიღა. თუ დამტკიცდა, რომ ნაპოვნი ნამდვილად წარწერაა, ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველოში დამწერლობა 3 ათასი წლის წინ გაჩნდა. აღმოჩენილი წარწერა საქართველოს ტერიტორიაზე ყველაზე ადრეულია.

გრაკლიანის წარწერა ჯერჯერობით გაშიფრული არ არის, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რახან ის საკურთხეველზეა ამოტვიფრული, რელიგიური შინაარსისა იქნება, რაც იმ დროს მხოლოდ ქურუმებისთვის იქნებოდა გასაგები.

უნიკალური წარწერა, რომელიც საქართველოს არქეოლოგიური ძეგლის გრაკლიანის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
არქეოლოგები: საქართველოში დამწერლობა ჩვ. წ. აღ.-მდე VII საუკუნეში არსებობდა

არქეოლოგების თქმით, თუ დადასტურდება, რომ გრაკლიანის წარწერა ანბანია, მაშინ აღმოჩნდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წერა ფინიკიელებზე 200 წლით ადრე დაუწყიათ.

გრაკლიანის გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, რომელიც ქვის ხანის პერიოდიდან რომაული პერიოდის ჩათვლით საზოგადოებრივი ცხოვრების 300-ათასწლიან უწყვეტ განვითარებას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში – საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს დაფიქსირდა. იქ მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები საგზაო დეპარტამენტმა დააფინანსა, ხოლო მისი კონსერვაცია და ობიექტის შემდგომი განვითარება გზის მშენებლობის გამო შეჩერებული იყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს (თითქმის 8 წლის შემდეგ) ამ ობიექტის საფუძვლიანი შესწავლის, მისი კონსერვაციისა და საერთაშორისო სტანდარტებით სამუზეუმო სივრცის მოწყობის ინტერესი გამოთქვა. 

ბრინჯაოს სკულპტურა - Sputnik საქართველო
ჩვ.წ.აღ-მდე II-I საუკუნეების ბრინჯაოს სკულპტურა საქართველოდან აშშ-ში გამოიფინა

იმავე წელს დაიწყო მასშტაბური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელთა შედეგად აღმოჩენილია ნასახლარები, სამეურნეო დანიშნულების ობიექტები და სამარხები, რომლებიც ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნიდან ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნეებს ეკუთვნის, შემდეგ კი ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნის ტაძარი და ორი საკურთხეველი გაითხარა.

იქვე აღმოჩენილია ორი სატაძრო კომპლექსი, ერთ-ერთი იბერიის პირველი მეფის – ფარნავაზის მმართველობის პერიოდს განეკუთვნება (ჩვ.წ.აღ-მდე IV-III სს). მოგვიანებით გრაკლიანის გორას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2016 წელს ძეგლის ტერიტორიაზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0