საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა

გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ სურვილის შემთხვევაში იმსახურებენ.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად სამსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო აღარ იქნება.

„ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება», — განაცხადა ხიდაშელმა, იუწყება რადიოსადგური „პირველი რადიო“.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
მაისაია: საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის არსებობა საჭირო არ არის

ამ ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა ხელი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მოაწერა. შეხვედრაზე ხიდაშელი უწყებაში მუშაობის წლიურ მუშაობას აჯამებს და ნატოს ვარშავის სამიტის პერსპექტივებზე საუბრობს, რომელიც 8-9 ივლისს გაიმართება.

მიმდინარე წლის აპრილში თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ მზადაა სავალდებულო გაწვევა გააუქმოს, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება 2017 წელს იგეგმებოდა.

ამჟამად სამხედრო სამსახური საქართველოში ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

სავალდებულო სამსახურის ხანგრძლივობა საქართველოში 12 თვეა. გაწვევა წელიწადში ორჯერ — გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0