საქართველოში დიასპორის დღეს აღნიშნავენ

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის - ”გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს” მიზანი დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებაა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. თბილისში დიასპორის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 27–29 მაისს  გაიმართება, იუწყება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

27 მაისს, დიასპორის დღეები პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმით „გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს” გაიხსნება.

”ფორუმი მიზნად ისახავს სამშობლოსთვის დიასპორული გამოცდილების გაზიარებას, დიასპორასა და სამშობლოს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას როგორც სახელმწიფო ინსტიტუტებთან, ისე კერძო და სამოქალაქო სექტორთან”, — აღნიშნულია განცხადებაში.

ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები, საქართველოს ხელისუფლებისა და კერძო სექტორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ, ინტერესთა სფეროების მიხედვით, ფორუმი შვიდ სამუშაო ჯგუფად დაიყოფა – ჰუმანიტარული და სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების, მედიცინის, დიასპორული ორგანიზაციების, ახალგაზრდობისა და სპორტის, დიასპორული ინვესტიციების, მედიისა და ისტორიული დიასპორის ჯგუფებად.

ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები – სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრა, საზღვარგარეთ მოღვაწე მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ლიტერატურულ და სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულთა დაჯილდოება და საქართველოში განხორციელებულ ინოვაციათა გასაცნობი ტური.

 


ყველა ახალი ამბავი
0