ჰაინც ფიშერი

ავსტრიის პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი განიხილეს

4
საქართველოს და ავსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებში უწყებათაშორის მემორანდუმებზე მოაწერეს ხელი, რომლებიც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების მართვისა და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისკენაა მიმართული.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამშაბათს, 19 მაისს თბილისში ავსტრიის პრეზიდენტის ჰაინც ფიშერის (Heinz Fischer) და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის მთავარი თემები ქართულ-ავსტრიული თანამშრომლობა, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის”  მომავალი სამიტი გახდა.

”ირაკლი ღარიბაშვილმა ჰაინც ფიშერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ასევე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტს რიგის ”აღმოსავლეთ პარტნიორობის“  სამიტამდე  რამდენიმე დღით ადრე, მთავრობა მხარდაჭერის დემონსტრირებად აფასებს. გაფართოებულ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს”, — აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს და ავსტრიის წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებში უწყებათაშორის მემორანდუმებზე მოაწერეს ხელი, რომლებიც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების მართვის და ინფრასტრუქტურული ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებისკენაა მიმართული.

ავსტრიის პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი ვიზიტის პირველ დღეს, 18 მაისს თავის ქართველ კოლეგას გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად თბილისში ქართულ-ავსტრიული ბიზნეს-ფორუმი მიმდინარეობს, რომელზეც მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ. როგორც ფიშერმა აღნიშნა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები დაბალ დონეზე იყო, მაგრამ ავსტრიის დელეგაციის ვიზიტი მის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს.

 


4