ლეიბორისტები კვლავ აკრიტიკებენ ახალ კოსტიტუციას და მიხეილ სააკაშვილს

გამოწერა
ორშაბათს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყნის ახალი კონსტიტუცია და საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციულად გააკრიტიკა.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. ორშაბათს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ქვეყნის ახალი კონსტიტუცია და საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ტრადიციულად გააკრიტიკა.

საქართველოს პარლამენტმა 15 ოქტომბერს ქვეყნის ახალ კონსტიტუციაში ცვლილებები და დამატებები მიიღო, რომლის თანახმად ქვეყანა 2013 წლიდან სახელმწიფო მართვის ახალ მოდელზე გადავა.

”მეგობრებო, სამწუხაროდ, აღსრულდა ლეიბორისტების პროგნოზი, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ხელისუფლებას ნებაყოფლობით არასდროს დათმობს”, - განაცხადა ნათელაშვილი.

”საქართველოს ახალი კონსტიტუცია დე-იურე დადასტურებაა იმისა, რომ საქართველომ და მთელმა მსოფლიომ მიხეილ სააკაშვილის სახით მარადიული დიქტატორი მიიღო”, - ირწმუნება ნათელაშვილი.

”ლეიბორისტული პარტია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას - ვაშინგტონს და ბრიუსელს, რაც შეიძლება სწრაფად შემოიღონ დიპლომატიური და ქონებრივი სანქციები როგორც სააკაშვილის, ისე საქართველოს მმართველი პარტიის წინააღმდეგ”, - განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა.

ამასთან, როგორც ნათელაშვილმა აღნიშნა, იმ ადამიანების სია, რომელთა მიმართაც სანქციების გატარებას მიიჩნევენ საჭიროდ, უახლოეს მომავალში გაეგზავნება აშშ-ის მთავრობას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას.

საქართველოს რიგი ოპოზიციური პარტიები, მიუხედავად პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებისა, ამ თემასთან დაკავშირებით შეწყვიტონ დავა, პროტესტის გამოთქმას ახალი კონსტიტუციის დამტკიცების გამო კვლავ განაგრძობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0