Григол Вашадзе

გადაწყვეტილება უვიზო შემოსვლის შესახებ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით იქნა მიღებული - საგარეო საქმეთა სამინისტრო

5
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ”პირველ რიგში, მათ ინტერესებს ემსახურება”.

 

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ”პირველ რიგში, მათ ინტერესებს ემსახურება”.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის განკარგულების თანახმად, 13 ოქტომბრიდან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ახალი რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის 90-იან უვიზო რეჟიმს ითვალისწინებს. ეს მოქალაქეები უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში - ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, დაღესტანში, ყაბარდო-ბალკარეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთში და ადიღეიში ჩაწერილები.

”მოსკოვისთვის ის კი არ არის პრობლემა, რომ ჩვენ სავიზო რეჟიმს ვამარტივებთ, პირველ რიგში, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი აღშფოთებულები არიან, რომ საქართველო არსებობს, როგორც სუვერენული ქვეყანა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს, როგორი სავიზო რეჟიმი ჰქონდეს და ვისთან”, - განაცხადა ვაშაძემ რუსული მხარის რეაქციის შესახებ კომენტარისას.

მანამდე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის ცალმხრივი წესით ვიზების გაუქმების შესახებ თბილისის პროპაგანდის მორიგი ნაბიჯია. 

”საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არ არის არც პროპაგანდა, არც პროვოკაცია. ეს კარგად მოფიქრებული ნაბიჯია, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთა საციცოცხლო ინტერესებს ემსახურება”, - განაცხადა საპასუხოდ ვაშაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ”საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ადამიანებს შორის, და საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებს შორის კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ კურსს. რაც, საბოლოო ჯამში, არა მარტო საქართველოს, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის და რუსეთის - მთლიანობაში ინტერესებს ემსახურება”.

რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებებს, მინისტრის თქმით, საქართველო მზადაა, რუსეთს ”მხოლოდ ფუნდამენტური საკითხების შესახებ” ესაუბროს.

”რუსეთთან არანაირი მოლაპარაკებების შესახებ საუბარი არ შეიძლება იყოს, სანამ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და 500 ათასი საკუთარი სახლებიდან არის გამოძევებული...”, - განაცხადა ვაშაძემ.

საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანლის განცხადებით, ”თუ რუსეთს ლაპარაკი სურს, საქართველო ნებისმიერ დროს და ადგილზე, წინაპირობების გარეშე რუსეთთან ყოვლისმომცველი დიალოგისთვის მზადაა”. 

”დიალოგი ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტურ საკითხებს უნდა ეძღვნებოდეს და არა ”ბორჯომის” და ღვინის და სხვა მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნებას”, - აღნიშნა ვაშაძემ.

 

5