парламент

საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციის მიღება მესამე მოსმენით გადადო

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღება შემდეგ პლენარულ სხდომამდე გადადო. გადაწყვეტილება ამის შესახებ დეპუტატებმა სამშაბათს სხდომაზე მიიღეს.

 

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტმა ქვეყნის ახალი კონსტიტუციის მიღება შემდეგ პლენარულ სხდომამდე გადადო. გადაწყვეტილება ამის შესახებ დეპუტატებმა სამშაბათს სხდომაზე მიიღეს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

კანონპროექტის განხილვისას დეპუტატებმა უმრავლესობიდან აღნიშნეს, რომ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით  ოპოზიციის მიერ დასმული სამი საკითხი შიდა კონსულტაციების მსვლელობისას გათვალისწინებულია. 

კერძოდ, ოპოზიციის მოთხოვნით კონსტიტუციის პროექტიდან ამოღებული იქნება ჩანაწერი ”საპრეზიდენტო კანდიდატურებისთვის ცენზების დამატება შეიძლება განისაზღვროს ცალკეული კანონით”, ასევე შეტანილია ცვლილებები პრეზიდენტობის კანდიდატის საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრების ვადებში: ამ თანამდებობაზე კანდიდატი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ხუთი წელი და ქვეყანაში ცხოვრობს ბოლო სამი წლის მანძილზე. ასევე შემცირდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოხატვის ვადა კიდევ ხუთი დღით. 

მაგრამ ვიცე-სპიკერმა ოპოზიციიდან ლევან ვეფხვაძემ კანონპროექტის ბოლო ვარიანტის გასაცნობად დამატებითი დრო მოითხოვა.

”ამ დოკუმენტის მიღებიდან ხუთი წუთი გავიდა და ჩვენ შეგვიძლია ვირწმუნოთ სიტყვაზე, რომ ჩვენი მოთხოვნები გათვალისწინებულია. მაგრამ ხშირად ხდება, რომ რაღაც საკითხები გამოტოვებულია. ამიტომ გთხოვთ, მოგვცეთ დრო ბოლო ვარიანტის გასაცნობად”, - განაცხადა ვეფხვაძემ.

ოპოზიციას მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და განაცხადა, რომ კონსტიტუციის განხილვა მესამე მოსმენით შემდეგი პლენარული სხდომისთვის გადაიდება.

”ორი-სამი დღე არაფერს შეცვლის... ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ოპოზიციის მოთხოვნას მხარს ვუჭერ. კონსტიტუციას ხუთშაბათს ან პარასკევს მივიღებთ, როდესაც შემდეგი სხდომა დაინიშნება, ხოლო ამ დღეებში ოპოზიცია ბოლო ვარიანტის გაცნობას შეძლებს”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მანამდე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში სექტემბერში იმყოფებოდნენ, პარლამენტს თხოვნით მიმართა, დაელოდოს კონსტიტუციასთან დაკავშირებით ევროექსპერტების შეფასებებს, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება მზად და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დოკუმენტი. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი მაინც შეუდგა კონსტიტუციის მიღების პროცედურას მესამე მოსმენით.

 

1