რუსეთში საქართველოს მიერ ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებთათვის ვიზების გაუქმებას პროვოკაცია უწოდეს

© фото : РИА Новости Владимир АкоеффКПП "Верхний Ларс"
КПП Верхний Ларс - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ არკადი ედელევმა საქართველოს ინიციატივას ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ პროვოკაცია უწოდა.

 

თბილისი, 12 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ არკადი ედელევმა საქართველოს ინიციატივას ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ პროვოკაცია უწოდა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

”ეს პროვოკაციაა”, - განაცხადა სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილემ.

”ასეთი საკითხები ორმხრივ დონეზე უნდა განიხილებოდეს და არა ვიღაც სააკაშვილის ნება-სურვილით”, - განაცხადა ედელევმა.

გუშინ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმს შემოიღებს.  მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე მზადაა და დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ის ძალაში შევა. ”აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ლიბერალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ტრადიციული ურთიერთობების გაგრძელებიდან გამომდინარე შედის ძალაში”, - განაცხადა კალანდაძემ. ”ეს გადაწყვეტილება ეხება დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის - ალანიის, ყაბარდო-ბალკარეთის, ყარაჩაევო-ჩერქეზეთის და ადიღეის მოსახლეობას”, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კალანდაძის თქმით, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მაცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგანაც მათ ”ყაზბეგი-ზემო ლარსის” საკონტროლო გამშვები პუნქტის საშუალებით საქართველოში შემოსვლისთვის უნდა მიიღონ ვიზა მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში ქართული ინტერესების სექციაში.

 

”აღნიშნული განკარგულების თანახმად, მათ საქართველოში უვიზოდ ყოფნა 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ”, - განაცხადა კალანდაძემ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0