საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას გარკვეული პირობებით დაუჭერს მხარს - გილაური

გამოწერა
საქართველო რუსეთის ცივილიზებულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მომხრეა, მათ შორის ვმო-ში, ”მაგრამ ამისთვის რუსეთმა ამ ცივილიზებული ორგანიზაციების პრინციპები უნდა შეასრულოს”, - განაცხადა გილაურმა.

 

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველო რუსეთის ცივილიზებულ ორგანიზაციებში გაწევრიანების მომხრეა, მათ შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო), ”მაგრამ ამისთვის რუსეთმა ამ ცივილიზებული ორგანიზაციების პრინციპები უნდა შეასრულოს”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ამერიკის ერთ-ერთ ავტორიტეტულ ანალიტიკურ ცენტრში - აშშ-ის ატლანტის საბჭოში სიტყვით გამოსვლისას, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”. 

”გვინდა, რომ რუსეთი ვმო-ს წევრი გახდეს, რადგანაც მივესალმებით ყველა ორგანიზაციას, რომლის წევრობაც რუსეთს უფრო ცივილიზებულ სახელმწიფოდ გადააქცევს”, - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ”მთავარი, რასაც საქართველო ითხოვს, ეს ამ ორგანიზაციის კონკრეტული პრინციპების შესრულებაა”.

”ვმო-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი საბაჟო და სასაზღვრო პუნქტების გამჭვირვალობაა. სამწუხაროდ, ორი სასაზღვრო მონაკვეთი საქართველოსა და რუსეთს შორის (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე) ამ პრინციპებს არ პასუხობს”, - აღნიშნა გილაურმა.

ვმო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციის და წევრი სახელმწიფოების სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების რეგულირებისთვის შეიქმნა. მისი წევრია დაახლოებით 150 სახელმწიფო.

რუსეთი ვმო-ს წევრობას 1993 წლიდან ცდილობს მაშინ, როდესაც, ორგანიზაციაში გაწევრიანება, ჩვეულებრივ, ჯამურად ხუთ-შვიდ წელს საჭიროებს.

გასულ პარასკევს რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე საბოლოო პროცედურა ორი-ოთხი თვის შემდეგ ამოქმედდება. მისი თქმით, თავად შესვლის პროცედურა ექვსი თვიდან წლამდე პერიოდს საჭიროებს.

2008 წლის აპრილის ბოლოს საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესიდან პროტესტის ნიშნად გამოვიდა, რაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას უკავშირდებოდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0