სოჭის ოლიმპიადა მშვიდობის პრინციპებს არ შეესაბამება - პრემიერი

გამოწერა
გილაურმა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში თავისი გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა იმ ზარალზე, რომელიც საქართველოს ეკოლოგიას რუსეთის მხრიდან სოჭში ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადისთვის მზადებისას ადგება.

 

თბილისი, 8 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში თავისი გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა იმ ზარალზე, რომელიც საქართველოს ეკოლოგიას და გარემოს რუსეთის მხრიდან სოჭში ზამთრის 2014 წლის ოლიმპიადისთვის მზადებისას ადგება, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”.

”ოლიმპიადისთვის ემზადება ქვეყანა, რომელიც ოკუპანტია და ომი სხვა სახელმწიფოსთან ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის დღეს - 2008 წლის 8 აგვისტოს დაიწყო... არის ეს თამაშები მშვიდობის სიმბოლო და შეესაბამება ის მშვიდობის პრინციპებს?”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ”სოჭის ოლიმპიადისთვის მზადება საქართველოს ტერიტორიის ნაწილებზე ეკოლოგიას სრულად ანადგურებს”.

”აფხაზეთში ახალი კონსტრუქციები ანგრევს ადგილობრივ ინფრასტრუქტურას და გარემოს”, - აღნიშნა გილაურმა.

მთავრობის ხელმღვანელმა ყურადღება ასევე გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარეთა ფსკერიდან ინერტული მასების მოპოვებაზე, რაც რუსეთის ტერიტორიაზე ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის გადააქვთ. ეს, გილაურის აზრით, კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში ეკოლოგიური კატასტროფის საშიშროებას ქმნის.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ამ პრობლემასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და მსოფლიო თანამეგობრობას რეგიონში ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენისკენ მოუწოდა. 

ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) რუსეთის წარმომადგენლობამ ადრე გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2014 წლის ოლიმპიური თამაშები უკვე ვეღარ იქნება ”მწვანე”, რადგანაც ”უნიკალურ ეკოსისტემებს შეუქცევადი ზარალი უკვე მიადგა, მაგრამ კიდევ არის შანსი, შემდგომი ნეგატიური ზემოქმედება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი”.

როგორც ეკოლოგები აცხადებენ, ოლიმპიური მშენებლობისადმი წარდგენილი შენიშვნები გათვალისწინებული არ არის, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს WWF-ის შემდგომ მონაწილეობას ოლიმპიადის ეკოლოგიურ თანხლებაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0