რუსეთი აფხაზეთის სრული დაპყრობის პოლიტიკას ეწევა - პოლიტოლოგი

გამოწერა
ქართველი პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმებას რუსეთის საკუთრებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი ობიექტის გადაცემის თაობაზე ”ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას” უწოდებს.

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ქართველი პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მოსკოვსა და სოხუმს შორის შეთანხმებას რუსეთის საკუთრებაში აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი ობიექტის გადაცემის თაობაზე ”ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებას” უწოდებს. ამის შესახებ მან ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა.

რუსულ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის შესაბამისად, 2010 წლის 5 ოქტომბერს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარემ ვლადიმერ პუტინმა დაავალა დაცვის ფედერალურ სამსახურს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელი მოაწერონ შეთანხმებას აფხაზეთთან რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ზოგიერთი ობიექტის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. შეთანხმების პროექტში მითითებულია ქონებრივი კომპლექსები „გაგრა" ქალაქ გაგრაში, „მიუსერა" გუდაუთის რაიონის დასახლება მიუსერაში, და „პიცუნდა" ქალაქ ბიჭვინთაში.

”ეს რუსეთის მიერ ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებაზე მიუთითებს. როგორ აისახება ეს აფხაზ ხალხზე და საზოგადოებაზე, ვერ გეტყვით. ვერ ვხედავ იმ დონის აღშფოთებას, რომელიც პატრიოტულ საზოგადოებაში უნდა იყოს”, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

პოლიტოლოგის აზრით, ”აფხაზეთში ანტიქართული განწყობები შედეგად თავად აფხაზეთს ავნებს”.

”აფხაზეთის პოლიტიკულ ელიტასა და საზოგადოებაში საქართველოსადმი სიძულვილმა ყველა ის საფრთხე გადაფარა, რომელიც თვითონ აფხაზეთს რუსეთისგან ემუქრება. რუსეთი მართლა ”შეჭამს” აფხაზეთს, და როცა ეს მართლა ასე მოხდება, ამაში მათ საკუთარი თავი უნდა დაადანაშაულონ”, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ცინცაძის თქმით, ”ბრმები უნდა იყვნენ, რომ ვერ დაინახონ, რა უნდა აფხაზეთისგან რუსეთს”.

”მაგრამ აფხაზეთის კვაზი-ელიტის ანტიქართული განწყობა იმდენად ძლიერია, რომ ისინი მზად არიან, რომ რუსეთმა შეჭამოს, და მათ საქართველოსთან საერთო ენის გამონახვა არ უნდათ”, - მიიჩნევს ცინცაძე.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცალმხრივი წესით აღიარა. თბილისმა საპასუხოდ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა. რუსეთის კვალდაკვალ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა მხოლოდ სამმა სახელმწიფომ - ნაურუმ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ.

ყველა ახალი ამბავი
0