Кремль, Москва

რუსეთის სტრატეგია ჩრდილოეთ კავკასიის განვითარებასთან დაკავშირებით სიგნალია საქართველოსთვის - პოლიტოლოგი

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პოლიტიკური პროცესი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სტრატეგიის უკან დგას, სერიოზული განსჯის თემა უნდა გახდეს საქართველოსთვის, განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

თბილისი, 6 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. პოლიტიკური პროცესი, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სტრატეგიის უკან დგას, სერიოზული განსჯის თემა უნდა გახდეს საქართველოსთვის, განაცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტთან საუბარში პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.

”რუსეთის ქმედებები აჩვენებს მის მიმართულებას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკასთან მიერთებაზე, რასაც ქართულმა მხარემ ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს”, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.

მისი თქმით, შემუშავებული დოკუმენტის მიზანი ”ჩრდილოეთ კავკასიაში ცეცხლის ჩაქრობა” და რეგიონში რუსეთის კონტროლის გაძლიერებაა.

”ამ მიზნის განხორციელებისთვის ინსტრუმენტებად გამოყენებული იქნება ქართული ტერიტორიები, რაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაქსიმალურ მილიტარიზაციას, მათ რუსიფიკაციას და კავკასიური სულისგან დაშორებას ნიშნავს”, - მიიჩნევს საყვარელიძე.

გუშინ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში ალექსანდრ ხლოპონინმა პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს დასამტკიცებლად 2025 წლამდე ჩრდილოეთ კავკასიის განვითარების სტრატეგია წარუდგინა.

დოკუმენტში წარმოდგენილ ამოცანებს შორის საუბარია რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, კერძოდ რეგიონული მთლიანი პროდუქტის 7,7%-მდე ზრდის შესახებ, რეგიონული ბიუჯეტების შემოსავლების ოთხჯერ გაზრდაზე და თვის საშუალო ხელფასის ორნახევარჯერ გაზრდის თაობაზე, ასევე ივარაუდება 400 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და უმუშევრობის დონის შემცირება 16-დან 5%-მდე.

ამ სტრატეგიის რეალიზაციის მიზნით ფედერალურ ოლქში  სახელმწიფო გარანტიებით კერძო და საბანკო კაპიტალი მოიზიდება. დაგეგმილია საწარმოების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სისტემის და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის განვითარება.

0