министерство обороны

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალწვეულების რაოდენობას ზრდის

5
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
პრეზიდენტის ბრძანებულებით, საშემოდგომო გაწვევისას ახალწვეულების რაოდენობა თავდაცვის სამინისტროს ხაზით 1 ათას 204-მდე გაიზრდება, განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანჯგალაძემ.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საშემოდგომო გაწვევისას ახალწვეულების რაოდენობა თავდაცვის სამინისტროს ხაზით 1 ათას 204-მდე გაიზრდება, განუცხადა ჟურნალისტებს სამშაბათს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

თავდაპირველად თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში 738 ადამიანის გაწვევა იგეგმებოდა.

მანჯგალაძის თქმით, ახალწვეულების რაოდენობის გაზრდა თავდაცვითი უწყების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით არის განპირობებული.

”თავდაცვის სამინისტროს გაუჩნდა შესაძლებლობა, მიიღოს და მოამზადოს ბევრად მეტი სამხედრო მოსამსახურე, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო, რაც უწყების პირობების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითაა განპირობებული”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

საშემოდგომო გაწვევა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 18 აგვისტოდან დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების გარდა, გაწვევა ხდება სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში.

სამხედრო სამსახურის გადავადების მსურველებმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2000 ლარი უნდა გადაიხადონ.

საშემოდგომო გაწვევა 30 დეკემბრამდე გაგრძელდება.

5