საქართველოს და ნატოს ერთმანეთის იმედი შეიძლება ჰქონდეთ - სააკაშვილი

გამოწერა
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს ისევე, როგორც საქართველოს აქვს ნატოს მხარდაჭერის იმედი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს საქართველოს მხარდაჭერის იმედი ყოველთვის შეიძლება ჰქონდეს ისევე, როგორც საქართველოს აქვს ნატოს მხარდაჭერის იმედი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

სააკაშვილის თქმით, საქართველოსთვის ნატოში შესვლა კვლავ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

”საქართველო არასდროს წავა კომპრომისზე თავისუფლების საკითხში, და ნატო ჩვენთვის ამ იდეის განსახირებაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ალიანსი საკუთარ პოზიციებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან მიმართებით არ იცვლის, ასევე ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამასთან, რასმუსენმა აღნიშნა, რომ ნატოს ლისაბონის სამიტისგან (ნოემბერში) ამ პოზიციის დადასტურებას ელოდება.

”ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულება, რომელიც საკუთარ თავზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერისას აიღო”, - განაცხადა რასმუსენმა.

ამასთან, ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ალიანსის განზრახვა, გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან, რაც, გენერალური მდივნის აზრით, საქართველოს ინტერესებშიც შედის.

”ალიანსის ფუნდამენტური პრინციპი ღია კარის პოლიტიკაა. არ მგონია, რომ ეს პრინციპი რუსეთთან პოზიტიური და დადებითი ურთიერთობების განვითარებას ეწინააღმდეგებოდეს”, - განაცხადა რასმუსენმა და აღნიშნა, რომ რუსეთის მომავალს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობაში ხედავს.

შეხვედრამ პრეზიდენტთან ნატოს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დაასრულა. ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ რასმუსენი სააკაშვილთან ერთად თბილისის აეროპორტში გაემგზავრა.

ყველა ახალი ამბავი
0