ეუთოს დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ ქართული მასმედია პოლიტიზირებულია

გამოწერა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბიუროს სადამკვირვებლო მისიამ თავის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ადგილობრივი არჩევნების შესახებ მასმედიის მუშაობა შეაფასა, როგორც ”პოლიტიზირებული”.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ბიუროს სადამკვირვებლო მისიამ (OSCE/ODIHR) თავის საბოლოო ანგარიშში საქართველოში ადგილობრივი არჩევნების შესახებ მასმედიის მუშაობა შეაფასა, როგორც ”პოლიტიზირებული”. 

ანგარიშის პრეზენტაცია საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხუთშაბათს თბილისში, სასტუმრო Radisson SAS Iveria-ში გამართა. 

”... ბევრი მედია-საშუალება განიცდის ძლიერ ზეგავლენას მფლობელების მხრიდან, ამასთან, ინფორმაცია მფლობელების შესახებ გამჭვივალე არ არის”, - ნათქვამია ანგარიშში.

ეუთო აღნიშნავს, რომ ”კონკურენტებმა ფართოდ გამოიყენეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უფასო საეთერო დრო, ასევე კერძო ტელეკომპანიების”, მაგრამ ”ფასიანი რეკლამის მაღალმა ფასმა მედია-კამპანიის წარმოებაში კანდიდატების შესაძლებლობები შეზღუდა”.

მისის დამკვირვებლების შეფასებით, ქართულმა ტელეკომპანიებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ”ამომრჩეველს წინასაარჩევნო კამპანიის ნაკლებად დაბალანსებული სურათი წარუდგინეს - ზოგი მთავრობას უჭერდა მხარს, ზოგი - ოპოზიციას”.

რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, დამკვირვებლებმა დაასკვნეს, რომ წინასაარჩევნო კამპანია ახალ ამბებში აქ დაბალნსებულად შუქდებოდა.

საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა აღნიშნა, რომ ”ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობისთვის მიცემული ასეთი დადებითი შეფასების პირველი პრეცედენტია”.

”ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამსახურებაა და მომავალშიც ეს ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს. საზოგადოებრივი მაუწყებელი დანარჩენი ტელეკომპანიებისთვის მაგალითი უნდა გახდეს”, - აღნიშნა ხარატიშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0