ნატოს გენარალური მდივნის ვიზიტი საქართველოში ევროპისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია - დეპუტატები

გამოწერა
ქართველმა დეპუტატებმა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ლისაბონის სამიტამდე ორი თვით ადრე შეაფასეს, როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის.

 

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. ქართველმა დეპუტატებმა ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ლისაბონის სამიტამდე ორი თვით ადრე შეაფასეს, როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი რუსეთისთვის, იუწყება ხუთშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” საპარლამენტო კორესპონდენტი.

ნატოს ლისაბონის სამიტი 19-20 ნოემბერს გაიმართება და მას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრება.

საგარეო ურთიერთობების საპრალემენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილი განცხადებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა რასმუსენმა საკუთარი პოზიცია ჯერ კიდევ საქართველოში გამოფრენამდე დააფიქსირა.

”რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც რუსეთი თავის შეაიაღებულ ძალებს საქართველოდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გაიყვანს”, - განუცხადა ჟურნალისტებს მინაშვილმა.

 

მისი აზრით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტი ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და იმ პოლიტიკური რეფორმების მხარდაჭერას, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.  

თავის მხრივ, ”ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი ნიკოლოზ ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც გრძელდება საქართველოს ოკუპაცია. 

”თბილისში ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრებზე განხილული იქნება კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები და ის რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ხუთშაბათს, 30  სექტემბერს გვიან ღამით პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ოფიციალური შეხვედრები 1 ოქტომბერს გაიმართება. დღის წესრიგშია – ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებული საკითხები და თბილისსა და ნატოს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.  

 

დილიდან ნატოს გენერალური მდივანი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, რის შემდეგაც გაემართება თავდაცვის სამინისტროში, სადაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაცემებით, დაგეგმილია მისი განცხადება პრესისთვის. შემდეგ პროგრამაშია შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან.  

დღის განმავლობაში რასმუსენი მონაწილეობას მიიღებს თბილისში ნატოსთნ სამოკავშირეო ოფისის გახსნაში. ოფისი გაიხსნება თბილისის ცენტრში, შენობაში, სადაც მანამდე საქართველოში აშშ–ის საელჩო იყო განთავსებული.

პრეზიდენტის რეზიდენციაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელს 13:00 საათისთვის ელიან. ქვეყნის პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენცია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0