Тинатин Хидашели

ოპოზიციამ თბილისის მერს დედაქალაქის ფონდიდან სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დასდო ბრალი

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის მერი გიგი უგულავა სარეზერვო ფონდიდან სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის მერი გიგი უგულავა სარეზერვო ფონდიდან სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

”იმ ფონზე, როდესაც ადამიანების უზარმაზარი რაოდენობა სიღარიბეში ცხოვრობს და მათი თხოვნა სამედიცინო დახმარების, ოპერაციის დაფინანსების შესახებ საქალაქო სამსახურის მხრიდან ხშირად უპასუხოდ რჩება, მერის სარეზერვო ფონდის სახსრები არამიზნობრივად იხარჯება. ხელში მაქვს ყველა არამიზნობრივი ხარჯვის სამარცხვინო სია”, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა თინა ხიდაშელმა ოთხშაბათს საკრებულოს სხდომაზე.

მისი თქმით, პარტიას ხელთ აქვს დეტალური დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ დედაქალაქის მერის სარეზერვო ფონდიდან ასეულ ათასობით ლარი გადაერიცხა ცნობილ ქართველ მსახიობს და მომღერალს ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძეს, გასართობი პროგრამის წამყვანს ვანო ჯავახიშვილს, ასევე ჯგუფს ”კამედი კლაბ”.

ხიდაშელმა ასევე განაცხადა, რომ თავის პარტიას აქვს დეტალური დოკუმენტაცია იმის თაობაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღესვე - 1 ივნისს მერმა თავის პარტიულ კოორდინატორებს, რომელთაც გაამართლეს მისი ნდობა არჩევნებზე, ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები გადასცა. 

მისი თქმით, ეს დოკუმენტები უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. რესპუბლიკელები აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვებას აგრძელებენ.

”ძალიან ბევრ დოკუმენტს შესაბამისი სამსახურები, უბრალოდ, არ გვაძლევენ. ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ ამ დოკუმენტაციის მისაღებად, სასამართლოში წასვლაც რომ დაგვჭირდეს”, - აღნიშნა ხიდაშელმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა მამუკა ახვლედიანმა ოპოზიციის ბრალდებები უარყო.

მერის სარეზერვო ფონდიდან დაახლოებით 80% მოქალაქეების სოციალური დახმარებისთვის იხარჯება, ამასთან, ფონდში არის სახსრები სხვადასხვა კულტურული ღონისძიებისთვის და სწორედ ამ კატეგორიაში შედის ის ჩამონათვალი, რომლის თაობაზეც საკრებულოს ოპოზიციური წარმომადგენელი საუბრობდა”, - განაცხადა ახვლედიანმა.

0