საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლები სოხუმის დაცემის დღის შესახებ

გამოწერა
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალთან საქართველოს ერთიანობისთვის ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს.

 

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალთან საქართველოს ერთიანობისთვის ომში დაღუპულ მეომრებს პატივი მიაგეს, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

ჩვიდმეტი წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი აფხაზი და ჩრდილოკავკასიური შეაიარაღებული ფორმირებების კონტროლის ქვეშ გადავიდა, 30 სექტემბერს კი მათ აფხაზეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი, კოდორის ხეობის გარდა. დიდი ხნის განმავლობაში, 2008 წლის აგვისტომდე, ხეობა აფხაზეთის ერთადერთ რეგიონად რჩებოდა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. სოხუმის დაცემის დღე საქართველოში აღინიშნება, როგორც ხსოვნის და იმედის დღე.

 

”საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღე უნდა ახსოვდეს ოჯახები, რომელთაც ომში საკუთარი შვილები და ახლობლები დაკარგეს... სოხუმის ხსოვნა ამინდის პროგნოზის გამოცხადების დონეზე არ უნდა იყოს”, - განაცხადა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ.

 

პარტია ”თავისუფლების” ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, სოხუმის დაცემის დღე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა.

”სოხუმის დაცემის პირდაპირი შედეგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანლის ჟიული შარტავას და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ტრაგიკული და ფიზიკური განადგურება”, - განაცხადა გამსახურდიამ.

პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მეტი ყურადღება მიაქციოს აფხაზეთიდან დევნილებს და აღნიშნა, რომ ”27 სექტემბერი ყველასთვის დიდი ტკივილის დღეა”.

”ეროვნული ფორუმის” ლიდერის კახა შარტავას განცხადებით, ამ დღეს, 17 წლის წინ ”ბევრი ტკივილი და ღალატი იყო, მაგრამ არის იმედი, რომ სამართლიანობა აღდგება”.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ”ქართული ლეგიონის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ყარყარაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო 27 სექტემბერს არასდროს დაივიწყებს. ”ომის დროს დაღუპულები გმირები არიან. ქართველებიც და აფხაზებიც ომის დროს გმირულად დაიღუპნენ”, - განაცხადა ყარყარაშვილმა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერმა მიუსამძიმრა ომში დაღუპულთა ოჯახებს და ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა. ”გისამძიმრებთ, ვინც ამ ომში შვილები და ახლობლები დაკარგეთ. ვწუხვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ადამიანების მიმართ არასწორად იქცევა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში მოვა ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს შეცვლის”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

ყველა ახალი ამბავი
0