Красный мост, грузино-азербайджанская граница

საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის სადაო ნაწილების ორი მესამედი შეათანხმეს - საგარეო საქმეთა სამინისტრო

4
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველომ და აზერბაიჯანმა ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის სადაო ნაწილის ორი მესამედი უკვე შეათანხმეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველომ და აზერბაიჯანმა ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის სადაო ნაწილის ორი მესამედი უკვე შეათანხმეს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე.

გასულ კვირაში აზერბაიჯანში, ქალაქ ბალაკენში აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაციის და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების მე-11 სხდომა გაიმართა.

”სადაო ნაწილის ორი მესამედი უკვე შეთანხმებულია. დარჩა ერთი მესამედი ნაწილი, რაც სამუშაო წესით აუცილებლად გადაწყდება... მხარეებს შორის კონსენსუსი უკვე მიღწეულია...”, - განაცხადა კალანდაძემ.

მისი თქმით, საზღვრის სადაო ნაწილების განხილვა გრძელვადიანი პროცესია.

”ორი მეზობელი და მეგობრული სახელმწიფო ორივესთვის მტკივნეული საკითხების შესახებ დისკუსიებს მართავენ... ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხებია და ორივე მხარე ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას ცდილობს და ამასთან, საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს იცავს”, - განაცხადა კალანდაძემ. 

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მონაცემებით, სხდომაზე მოეწყო შეუთანხმებელი ხაზების მქონე უბნების ფართო განხილვა, ამასთან დაკავშირებით შესწავლილ იქნა მრავალი შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტი და სხვა მასალა, დაზუსტდა მოსაზრებები რიგ საკითხებთან დაკავშირებით. 

განხილვისას გამოიკვეთა შეუთანხმებელი უბნების დაზუსტების აუცილებლობა დამატებითი ექსპერტების დონეზე. გადაწყდა, მიდგომებში დაახლოების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდეს თათბირები კომისიების თავმჯდომარეების დონეზე. 

სახელმწიფო კომისიების შემდგომი ერთობლივი სხდომის ჩატარების თარიღი დიპლომატიური არხების მეშვეობით განისაზღვრება.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვა დეტალებს არ ახმოვანებს.

საქართველო აზერბაიჯანის შვიდ რაიონს ესაზღვრება. ეს 480 კილომეტრს შეადგენს. აზერბაიჯანული მასმედიის ინფორმაციით, აქამდე მხარეებმა სახელმწიფო საზღვრის ხაზის 65% შეათანხმეს.

ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის შესახებ საკითხის გადაუჭრელობა ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ და რელიგიურ ღირშესანიშნაობას - დავით გარეჯის კომპლექსს. კომპლექსი თბილისიდან სამხრეთით 60 კილომეტრში მდებარეობს. მთავარი მონასტერი არის წმინდა დავითის ლავრა, რომელიც მთის ჩრდილოეთ ფერდობზეა აშენებული და საქართველოს და აზერბაიჯანს ჰყოფს. 

ამა წლის ივლისში ბაქოში გაიმართა კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების - ხალაფ ხალაფოვის და დავით ჯალაღანიას დონეზე, რომლებიც სახელმწიფო საზღვრების დემარკაციის და დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიების ხელმძღვანელები არიან. კონსულტაციების შედეგების მიხედვით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”საზღვრის ხაზის გავლების შეთანხმებაში წინსვლის შესახებ” და სახელმწიფო კომისიების ერთობლივი ჩატარების შესახებ შეთანხმების თაობაზე განაცხადა. 


4